ევროკავშირის დამკვირვებლები მიესალმებიან სამხედრო შეზღუდვების შესრულებას
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ საქართველოში განაცხადა, რომ ”მეტად კმაყოფილია” საქართველოს ხელისუფლების მიერ მემორანდუმის შესრულებით, რომელიც სეპარატისტული რეგიონების ადმინისტრაციული საზღვრების უშუალო სიახლოვეს, ქართული სამხედრო ძალების გადაადგილების გარკვეულ შეზღუდვებს გულისხმობს.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ და საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ურთიერთგაგების მემორანდუმი 26 იანვარს გააფორმეს. დოკუმენტი ავტომატურად გაგრძელდა 26 აპრილს მას შემდეგ, რაც არც ერთ მხარეს არ გამოუყენებია მოლაპარაკების შეწყვეტის უფლება.
”მისიამ განიხილა ურთიერთგაგების მემორანდუმის დარღვევის შესახებ არსებული ყველა ბრალდება, მაგრამ ვერ შეძლო ვერც ერთი მათგანის დადასტურება,”- ნათქვამია მისიის განცხადებაში 28 აპრილს, ”საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ უზრუნველყო ის აუცილებელი გამჭვირვალობა, რაც ამ შეთანხმების ფარგლებში, ჩვენ დამკვირვებლებს თავიანთი მოვალეობების შესრულების საშუალებას აძლევს”.
”ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია აცნობიერებს, რომ საქართველოს მხრიდან ეს ნდობის აღდგენისაკენ მიმართული ცალმხრივი ზომებია. პოსტ-კონფლიქტურ რეგიონში უსაფრთხოების კიდევ უფრო გაუმჯობესება ადმინისტრაციული საზღვრის მეორე მხარეზეც მსგავსი შეთანხმებების მიღწევით იქნება შესაძლებელი,”- ნათქვამია განცხადებაში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)