ახალი ამბები

ოპოზიციის ლიდერები ტერი დევისის განცხადებას აკრიტიკებენ

ოპოზიციის რამოდენიმე ლიდერმა მოუწოდა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ტერი დევისს უფრო ახლოდან შეხედოს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციას ამ საკითხზე განცხადებების გაკეთების დროს.

28 აპრილს სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პლენალური სხდომის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრისას, ტერი დევისმა , როდესაც მას ჰკითხეს საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ, განაცხადა: ”მე მიმაჩნია, რომ ბევრად უკეთესია უთანხმოებების განხილვა და მოგვარება პარლამენტში და არა ქუჩაში. მე კვლავაც ვიმეორებ, რომ იმ ხალხმა, ვინც პრეზიდენტ სააკაშვილს აკრიკებს, ეს პარლამენტში უნდა გააკეთონ. მე მესმის, რომ ზოგიერთმა ოპოზიციურმა პარტიამ, რომელმაც საკმაოდ კარგად ჩაატარა არჩევნები, რათა მათი კანდიდატები პარლამენტში შესულიყვნენ, უარი თქვეს თავიანთ მანდატებზე. ვერ გამიგია, როგორ დაეხმარება ეს ოპოზიციას,” – განაცხადა ტერი დევისმა 28 აპრილს სტრასბურგში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მან ასევე განაცხადა, რომ მან თავად საკმაოდ დიდი დრო გაატარა ოპოზიციაში. ”პარლამენტის გარეთ დარჩენის იდეა არასდროს მოგვსვლია,” – დასძინა მან.

დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განუცხადა მომიტინგეებს 28 აპრილს: ”მე ვეკითხები ჩვენს უცხოელ მეგობრებს, მათ შორის ბატონ ტერი დევისს – ის საქართველოს მეგობარია და დარწმუნებული ვარ წუხს საქართველოზე, მაგრამ უფრო ღრმად ჩაიხედოს ამ ვითარებაში”.

”მე მინდა მას ვკითხო: რა მოხდებოდა, რა რეაქცია ექნებოდა ინგლისის მოსახლეობას, თავად ბატონ ტერი დევისს, რომ მომხდარიყო ის ფაქტი, როდესაც უშიშროების სამინისტროდან ბატონი სანოძე ისროდა წყლით სავსე პარკებს, როდესაც ისროდნენ ტირის თოფიდან და კინაღამ თვალი დააკარგვინეს ადამიანს და როდესაც ამაზე კომენტარს პარლამენტის თავმჯდომარე გააკეთებდა – რა მოხდა მერე ხუმრობსო, მოითმენდა ამას ინგლისი, მოითმენდა ამას დემოკრატიული სახელმწიფოს მოსახლეობა?” – განაცხადა მან. 

”არა მგონია, რომ ტერი დევისს ან სხვა ინგლისელს შეეთავაზებინა ვინმესთვის, რომ დიალოგი ჰქონოდა ჰიტლერთან, როდესაც ეს უკანასკნელი თავის სამხედრო დაჯგუფებებს ძალაუფლების კონსოლიდაციისთვის იყენებდა,” – განაცხადა საქართველოს გზის ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა.

ეკა ბესელიამ პარტიიდან მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის განაცხადა აქციაზე, რომ ხელისუფლება ოპოზიციას სხვა ვარიანტი არ დაუტოვა, თუ არა ქუჩის აქციები.

”მათ გადაჭრეს ყველა ცივილიზებული გზა პრობლემების მოგვარებისა პარლამენტში და სასამართლო სისტემაში. როდესაც ჩვენ უარი ვთქვით პარლამენტში შესვლაზე, ეს იყო ჩვენი რეაქცია იმ უკანონობებზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა არჩევნების დროს,” – დასძინა მან.

ხალხის პარტიის ლიდერმა კობა დავითაშვილმა განაცხადა დღეს ტელეკომპანია ”კავკასიის” ეთერში: ”მინდა ვუთხრა ბატონ დევისს, რომ იყო ოპოზიციური პოლიტიკოსი ინგლისში და იყო ოპოზიციური პოლიტიკოსი საქართველოში ძალიან განსხვავდება… აქ ჩვენ საქმე გვაქვს არა ხელისუფლებასთან, არამედ კრიმინალურ ბანდასთან, რომელიც ახლა ხელისუფლებაშია”.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button