
ოპოზიცია საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან მუდმივმოქმედ საბჭოს ქმნის
საპროტესტო აქციის ორგანიზატორი ოპოზიციური პარტიები აპირებენ ჩართონ საზოგადოებრივი ორგანიზაციები სამოქმედო გეგმების შემუშავებისა და შემდგომი ინიციატივების შემუშავების საქმეში, განუცხადა დავით გამყრელიძემ ახალი მემარჯვენეების ლიდერმა ალიანსი საქართველოდან დღეს პარლამენტის წინ შეკრებილ მომიტინგეებს.
მისი თქმით, ამგვარი მუდმივმოქმედი საბჭო 28 აპრილს დაფუძნდება ”სამოქალაქო საზოგადოებასთან ბევრად უფრო მჭიდრო და ორგანიზებული თანამშრომლობის” მიზნით.
”ეს არის ხალხის პროტესტი და ჩვენ [ოპოზიციას] მხოლოდ გვავალია გარკვეული ორგანიზაციული საკითხების მოგვარება და პოლიტიკური მოთხოვნების ჩამოყალიბება,”- განაცხადა გამყრელიძემ, ”ჩვენ არ გვინდა ვიყოთ ჩაკეტილები პარტიულ ინტერესებში, პირიქით ჩვენ გვინდა უფრო კარგად გვესმოდეს, ვიცოდეთ ხალხის განწყობა და საზოგადოების დაკვეთა და ძალიან კარგად და სწორად ვასრულებდეთ ამ დაკვეთას”.