skip to content
ახალი ამბები

ბაქრაძე რუსეთს ”საბჭოთა დიპლომატიის” გამო აკრიტიკებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განაცხადა 27 აპრილს, რომ რუსეთს არც მორალური და არც სამართლებრივი უფლება არ აქვს მიუთითოს ნატოს რა გააკეთოს.

მან ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის საპასუხოდ გააკეთა, რომელმაც განაცხადა 27 აპრილს, რომ ნატოს მიერ საქართველოში დაგეგმილი წვრთნები ”საზიანო” იქნება არსებულ გარემოში. 

პრესკონფერენციაზე ლავროვს ჰკითხეს, მიიღებდა თუ არა რუსეთი ნატოს შემოთავაზებას დამკვირვებლები გაეგზავნა წვრთნებზე. ლავროვმა უპასუხა: ”რა თქმა უნდა, რუსეთი არ მიიღებს მონაწილეობას და სხვა ქვეყნებსაც არ ურჩევს ამის გაკეთებას”.

ვაზიანის სამხედრო ბაზაზე 6 მაისიდან 1 ივნისამდე დაგეგმილ წვრთნებში თავდაპირველად მონაწილეობა უნდა მიეღო ნატოს 19 წევრ და პარტნიორ სახელმწიფოს. თუმცა, რუსეთის პროტესტის შემდეგ, 21 აპრილს ყაზახეთმა მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

”საქართველოში წვრთნების ჩატარების სანაცვლოდ, ჯობია არსებულ ქართულ რეჟიმს თავისი ვალდებულებები შეასრულებინოთ,” – განაცხადა ლავროვმა.

დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ რუსეთს ურჩევნია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებებით აღებული ვალდებულებები შეასრულოს. მისი თქმით, რუსეთი ”არის ოკუპანტი ქვეყანა”, რაც წინააღმდეგობაში მოდის მის ვალდებულებებთან.

”ასეთი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს, მე ვფიქრობ, არ გააჩნია ან პოლიტიკური, ან მორალური და სამართლებრივი უფლება ჭკუა ასწავლოს დ მიუთითოს ნატოს წევრ სახელმწიფოებს, თუ რა უნდა გააკეთოს და რა არ გააკეთოს ალიანსმა,” – განაცხადა ბაქრაძემ, ”თავისთავად ეს არის კლასიკური საბჭოთა დიპლომატიის გაგრძელება, როდესაც საუკეთესო თავდაცვად ყოველთვის მიჩნეული იყო თავდასხმა”.    

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button