ახალი ამბები

სააკაშვილი: ჩვენ შევინარჩუნებთ სტაბილურობას

”ყველაფერს გავაკეთებთ და ყველა ნაბიჯს გადავდგამთ იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ სტაბილურობა როგორც საგარეო, ისე შიდა პოლიტიკაში,” რათა გადაილახოს ეკონომიკური სირთულეები, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 23 აპრილს. მან ასევე აღნიშნა, რომ ხელისუფლება მზადაა ითანამშრომლოს ყველაზე ”რადიკალურ” და ”ყველაზე პატარა პოლიტიკურ ჯგუფთანაც კი”.

”სიმშვიდის და სტაბილურობის გარეშე არცერთი ბიზნესი არ არის მიმზიდველი, არცერთი ინვესტიცია არ ხორციელდება და არცერთი ახალი სამუშაო ადგილი არ იქმნება,”- განაცხადა მან თავის სატელევიზიო მიმართვაში სამშენებლო მასალების მწარმოებელ ”ინტერპლასტში” სტუმრობისას.

”არასტაბილურობა ყოველთვის ხდება მიზეზი იმისათვის, რომ არსებული სამუშაო ადგილები დაიკარგოს,”- განაგრძო მან,  ”ამიტომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა საქართველოში, იმისათვის, რომ აღარასოდეს განმეორდეს სისხლისღვრა საგარეო აგრესიის შედეგად და არც სამოქალაქო დაპირისპირების შედეგად, როგორც არ უნდა უნდოდეს ვიღაცეებს და ოცნებობდნენ ამაზე”.

”ყველაფერს გავაკეთებთ და ყველა ნაბიჯს გადავდგამთ იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ სტაბილურობა როგორც საგარეო, ისე შიდა პოლიტიკაში,”- განაცხადა სააკაშვილმა, ”დასაქმებისთვის უკეთეს ეკონომიკურ გარემოს სჭირდება საზოგადოების ერთიანობა – ჰაერივით ჭირდება ეს ერთიანობა; ყველა პოლიტიკურ ჯგუფს შორის თანამშრომლობა სჭირდება ხალხისა და ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად”.

”სჭირდება ის, რომ ყველა პოლიტიკოსმა შეძლოს და საკუთარ თავზე მაღლა დააყენოს ხალხისა და ქვეყნის ინტერესები,”- განაგრძო მან, ”ამიტომ ჩვენ ვართ მზად თანამშრომლობისთვის ყველაზე პატარა პოლიტიკურ ჯგუფთანაც კი, ყველაზე რადიკალურთანაც კი, ყველაზე მიუღებელი ლოზუნგებით რომელიც გამოდის, იმათთანაც კი. იმიტომ, რომ დღეს საქართველოს დაპირისპირების და გათიშულობის მაგივრად ერთად დგომა და ერთად ბრძოლა სჭირდება”.

სააკაშვილის განცხადებით,  სახელმწიფო შეიქმნა სწორედ კორუფციასთან ბრძოლის ხარჯზე და ამან ეკონომიკური განვითარების პირობები შექმნა. ”კორუფციასთან ბრძოლას ჩვენ ერთი წუთით არ შევასუსტებთ. არავის არ ქონდეს ილუზია, რომ ჩვენ კორუფციას როდესმე ხელახლა განვავითარებთ და ავაყვავებთ საქართველოში,”- განაცხადა მან.

”მე ვიცი, რომ ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც გაგდებულია კორუფციისთვის, ვისაც კონკრეტული სახრავი მოაკლდა, გაბრაზებულია და ჩვენ გვეჩხუბება. არანაირი კომპრომისი არ მოხდება ამ ხალხთან. ერთი წუთით არ ვნანობ, რომ მოხდა ასეთი შეცვლა პოლიციაში, ერთი წუთით არ ვნანობ, რომ საბაჟოში დავიწყეთ წესრიგის დამყარება. კონკრეტულ კლანებს, კონკრეტულ ჯგუფებს, კონკრეტულ მაღალი გავლენის პირებს და კრიმინალურ სტრუქტურებს დავუპირისპირდით იმისათვის, რომ მათ არ მოეპარათ ის, რაც დანარჩენ საქართველოს ეკუთვნის,”- აღნიშნა მან.

11 აპრილს Newsweek-ში გამოქვეყნებულ ინტერვიუში პრეზიდენტმა სააკაშვილმა კითხვაზე, თუ ვის სურდა მისი გადადგომა, უპასუხა: ”ძირითადად უმუშევრებს. ჩვენ დავითხოვეთ დაახლოებით 250 000 ადამიანი რეფორმების შედეგად. ამ ხალხის დიდმა პროცენტმა ვერ მოახერხა თავისი თავის პოვნა ახალ ეკონომიკაში. კორუფციასთან და დანაშაულთან ბრძოლაში ჩვენ ათასობით ადამიანი ჩავსვით ციხეში. მარტო თბილისში ჩვენ გავასამართლეთ 8 000 ადამიანი; ყველა მათი ნათესავი გარეთაა დღეს, ჩემი გადადგომის თხოვნით”.

იმავდროულად, შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა რუსულ გამოცემა ”კომერსანტ ვლასტ”-თან ინტერვიუში, რომელიც 20 აპრილს გამოქვეყნდა, განაცხადა: ”აქციებზე გამოსულთა 70% ყოფილი პოლიციელები და მებაჟეები არიან, რომლებიც სამსახურის და ქრთამების გარეშე დარჩნენ”.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა ასევე განაცხადა 23 აპრილს, რომ დღეს ”ძალიან ბევრ ადამიანს უჭირს და მათგან ბევრი ძალიან არის გაბრაზებული. მე მინდა მათ ვუთხრა, რომ მთლიანად ვიზიარებ მათ გასაჭირს და მათთან ერთად ვარ ძალიან გაბრაზებული”. მისი თქმით, საქართველოს ეკონომიკური სირთულეების გადალახვის შანსი აქვს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button