ოპოზიცია ”თავდაცვით ზომებზე” საუბრობს
ოპოზიციამ განაცხადა, რომ ”შიშველი ხელებით” დაიცავს საკუთარ აქტივისტებს და მხარდამჭერებს თავდასხმებისგან.
საპროტესტო აქციების დაწყების პირველი დღეებიდანვე ვრცელდება ინფორმაცია ოპოზიციის მხარდამჭერებზე და აქტივისტებზე განხორციელებული თავდასხმების ცალკეული ფაქტების შესახებ.
ყველა ამ შემთხვევას ანალოგიური ხელწერა აქვთ, რომლის დროსაც ადამიანთა ჯგუფი თავს ესხმის ოპოზიციის აქტივისტებს, ძირითადად ღამით; არა პირდაპირ დემონსტრაციის ადგილებში, არამედ მიმდებარე ქუჩებზე.
სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა განაცხადა 16 აპრილს გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომ მისმა აპარატმა შეისწავლა ოპოზიციის აქტივისტებზე და მხარდამჭერებზე თავდასხმების ”ათობით” საქმე და ”დაასკვნა, რომ ”შსს აშკარად წაყრუების პოლიტიკას ირჩევს ამ ფაქტების მიმართ”. მან ასევე აღნიშნა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში თავდასხმებს შეესწრნენ პოლიციის და პატრულის თანამშრომლები, თუმცა არ ჩარეულან.
”სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ მდგომარეობა არის საგანგებო, მოქალაქეთა ცემის პრაქტიკის გაგრძელება ცეცხლთან თამაშის ტოლფასია და დიალოგის ნაცვლად მხოლოდ დაძაბულობის გამძაფრებას უწყობს ხელს,” – ნათქვამია განცხადებაში.
იმავე დღეს ალიანსი საქართველოსთვის ლიდერებმა და ლევან გაჩეჩილაძემ პრესკონფერენცია მოიწვიეს და მოუწოდეს პოლიციას უზრუნველყოს საზოგადოებრივი წესრიგი დემონსტრაციის ადგილებში და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე.
ალიანსი საქართველოსთვის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ ამოქმედდა ”ტერორის და ძალადობის მანქანა”.
”ბოლო დღეების განმავლობაში ათეულობით ჩვენი მომხრე გახდა პირდაპირი ტერორის და ძალადობის მსხვერპლი. ეს კეთდება ორგანიზებულად, ეს კეთდება კრიმინალური ჯგუფების მიერ, რომელიც იმართება ხელისუფლების მხრიდან,” – განაცხადა მან, ”თუკი საზოგადოებრივი წესრიგის და კრიმინალთან ბრძოლის ფუნქცია ვერ აიღო ხელში სამართალდამცავმა სტრუქტურებმა, მაშინ ჩვენ თვითონ, საზოგადოება, მოქალაქეები დავიწყებთ საკუთარი თავდაცვის უზრუნველყოფას”.
”ყველა კრიმინალურ აქტი, რომელიც იქნება განხორციელებული მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ, იქნება პასუხგაცემული. ჩვენ საკუთარი თავის დაცვას ვაპირებთ შიშველი ხელებით; ჩვენ დავიწყებთ ორგანიზებას და გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ჩვენი მომხრეები, პროტესტის მონაწილეები იყვნენ დაცულნი,” – დასძინა მან.
ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ განაცხადა, რომ ოპოზიციის პროტესტი მშვიდობიანია და კანონის დაცვით მიმდინარეობს.
”ჩვენ არ დაგვირღვევია არც კანონი და არც კონსტიტუცია. არ ყოფილა ძალადობის არც ერთი ფაქტი ოპოზიციის მხრიდან. მაგრამ ხელისუფლებამ ამას უპასუხა ტერორით, ძალადობით და თავდასხმებით, რომელსაც ახორციელებს ხელისუფლების მიერ ორგანიზებული ბანდები და ხროვა ადამიანებისა,” – განაცხადა მან.
”სამოქალაქო დაპირისპირება მაშინ იწყება, როდესაც ქრება ზღვარი კრიმინალებს და სამართალდამცავებს შორის,” – განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ, ”თუ ამ ზღვარს გააქრობს ხელისუფლება, პასუხისმგებლობა იქნება მათ მხარეზე. სამოქალაქო დაპირისპირება არ იქნება კარგი ქვეყნისათვის, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენ დავიცვათ თავი და დავიცვათ საქართველოს მოსახლეობა. არ შეუძლია სააკაშვილს საქართველოს მოსახლეობის დაცვა იმიტომ, რომ უუნაროა. ამიტომ, ამას გავაკეთებთ ჩვენ”.
16 აპრილს გია ყარყარაშვილმა, რომელიც 90-იანი წლების დასაწყისში, აფხაზეთის ომის დროს საქართველოს შეიარაღებული ძალების მეთაური იყო, ცალკე პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ ის და მისი მოკავშირეები ჩამოაყალიბებდნენ ”თავდაცვის კომიტეტებს”, რათა შეივსოს საპოლიციო ვაკუუმი დემონსტრაციის ადგილებში და მის მიმდებარე ტერიტორიებზე.
ყარყარაშვილმა, რომელიც ამჟამად ალასანიას გუნდის წევრია, განაცხადა: ”მოვუწოდებ ხელისუფლებას, დაშალეთ ეს კრიმინალური ჯგუფები; ვთხოვ ძალოვან მინისტრებს, პატრულის ხელმძღვანელობას უზრუნველყავით საზოგადოებრივი წესრიგი; წინააღმდეგ შემთხვევაში ოცდაოთხი საათის განმავლობაში თუ კიდევ გაგრძელდება მოქალაქეებზე თავდასხმები, მე გამოვაცხადებ პატრიოტი ადამიანების მობილიზაციას, შევქმნი თავდაცვის კომიტეტებს მშვიდობიანი მომიტინგეების დასაცავად”.
ყარყარაშვილმა შესთავაზა სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებს და ჟურნალისტებს ”თავდაცვის კომიტეტების” წარმომადგენლებთან ერთად განახორციელონ პატრულირება.
ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა პიტერ სემნებიმ განაცხადა, რომ ევროკავშირს აქვს ინფორმაცია ”სხვადასხვა წყაროებიდან” ოპოზიციის აქტივისტებზე და მხარდამჭერებზე თავდასხმების შესახებ.
”არის თუ არა ეს პირდაპირ კავშირში პოლიტიკურ კონფრონტაციასთან ან არის თუ არა ეს მზარდი დამნაშავეობის ნიშანი, რადგანაც პოლიცია იქ არ იმყოფება და ისინი სხვა რამით არიან დაკავებული – მე ეს არ ვიცი. მიუხედავად ამისა, ამგვარი შემთხვევების არსებობა ძალიან სერიოზულია და მათი გამოძიებაა საჭირო; და ასევე საჭიროა იმის განხილვა, თუ როგორ უნდა აღიკვეთოს ამგვარი შემთხვევები,” – განაცხადა სემნებიმ.
11 აპრილს დემონსტრაციის ადგილას მომხდარი ინციდენტის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მან საგანგებოდ არ გააგზავნა პოლიცია ინციდენტის ადგილას, რათა თავიდან აეცილებინა შესაძლო დაპირისპირება პოლიციასა და მომიტინგეებს შორის. ხელისუფლება საპროტესტო აქციებში ჩაურევლობის ტაქტიკას ინარჩუნებს. კერძოდ, პოლიცია დემონსტრაციის ადგილებში საერთოდ არ ჩნდება და მხოლოდ მცირე რაოდენობითაა წარმოდგენილი მიმდებარე ტერიტორიებზე. შსს-ის განცხადებით, სამინისტრო თითოეული თავდასხმის და ინციდენტის ფაქტებს იძიებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)