ახალი ამბები

დაპირისპირება გრძელდება, გარღვევის ნიშნები არ ჩანს

  • ხელისუფლება ჩაურევლობის ტაქტიკას ინარჩუნებს;
  • ხელისუფლების შეთავაზება არ შეცვლილა;
  • ოპოზიცია აქციებში მეტი მუხტის შეტანას ცდილობს;
  • დიალოგზე ალიანსი საქართველოსთვის ფორმულირება განსხვავებულია.

უკვე მერვე დღეა, რაც საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, თუმცა შესაძლო გარღვევის რაიმე ნიშანი ჯერ-ჯერობით არ ჩანს.

ხელისუფლება საპროტესტო აქციებში ჩაურევლობის ტაქტიკას ინარჩუნებს. კერძოდ, პოლიცია დემონსტრაციის ადგილებში საერთოდ არ ჩნდება და მხოლოდ მცირე რაოდენობითაა წარმოდგენილი მიმდებარე ტერიტორიებზე. თუმცა, ოპოზიციის აქტივისტებზე და მხარდამჭერებზე მიტინგების კერებთან სიახლოვეს განხორციელებული თავდასხმების შესახებ ბოლო დღეებში გავრცელებული ინფორმაციები შეშფოთებას იწვევს.

პოლიტიკურ დონეზე, აქციების მასშტაბებმა ჯერჯერობით ვერ შეძლო აეძულებინა ხელისუფლება იმაზე მეტი შეეთავაზებინა ოპოზიციისთვის, ვიდრე ისინი 9 აპრილამდე სთავაზობდნენ მათ; ეს წინადადებები იგივე რჩება: დიალოგის დაწყება საკონსტიტუციო და საარჩევნო რეფორმებზე, რაც გრძელვადიანი პოლიტიკური სტაბილურობის და 2013 წელს ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემის საფუძველს შექმნის; ასევე თბილისის მერის პირდაპირი გზით ვადამდელი არჩევა 2010 წლის გაზაფხულზე. მმართველი პარტიის გავლენიანმა დეპუტატებმა ცოტა ხნის წინ მიანიშნეს, რომ ”ნორმალური პოლიტიკური დიალოგის” ნაწილი ასევე შეიძლება იყოს კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების შესაძლებლობა.

საპროტესტო აქციების ორგანიზატორი ოპოზიციური პარტიები ცდილობენ მეტი მუხტი შეიტანონ საპროტესტო აქციებში და აცხადებენ, რომ მომავალი კვირიდან რეგიონებში დაიწყებენ კამპანიას მხარდამჭერთა მობილიზების და თბილისში ჩამოყვანის მიზნით.

13 აპრილს ოპოზიციამ საპროტესტო აქციების ”ახალი ტალღა” დაიწყო, რომლის ფარგლებშიც მათ პრეზიდენტის რეზიდენციის და საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ კარვები გაშალეს და იმპროვიზირებული საკნები დადგეს. 15 აპრილს ოპოზიციამ ერთი ”საკანი” მთავრობის კანცელარიის წინ დადგა, თუმცა იქ აქტივისტებს ღამე არ გაუთევიათ. იმავდროულად, რამოდენიმე ათასი მხარდამჭერი ყოველდღე დღის 3 საათზე პარლამენტის წინ იკრიბება და ოპოზიციის ლიდერთა გამოსვლებს უსმენს.

თავიანთ საჯარო გამოსვლებში ოპოზიციის ყველა ლიდერი აცხადებს, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შესაძლო შეხვედრის მთავარი თემა უნდა იყოს პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომა. თუმცა, ზოგიერთი მათგანი ასევე ამბობს, რომ შესაძლოა ეს არ იყოს მსჯელობის მხოლოდ ერთი საკითხი. განსხვავებით სხვა ოპოზიციური ლიდერებისგან, ალიანსის საქართველოსთვის წარმომადგენლები ერთ დამატებით ფრაზასაც ამბობენ: ”ჩვენ მზად ვართ მოვისმინოთ მეორე მხარის მხრიდან, თუ თავად როგორ ფიქრობს ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანას”.  

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განაცხადა 15 აპრილს, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის არსებობს გარკვეული ტიპის კონტაქტები, თუმცა ეს არ არის დიალოგი.

მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის ლიდერების განცხადებით, ისინი არ შეწყვეტენ აქციებს აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, აქციების მასშტაბი ნაკლები იქნება შაბათ-კვირას; ზოგიერთი ექსპერტის შეფასებით, ამ პერიოდმა შესაძლოა მოლაპარაკებებისთვის ხელსაყრელი პირობები შექმნას.

ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში პიტერ სემნები ამჟამად თბილისში იმყოფება და 16 აპრილს ოპოზიციის წარმომადგენლებთან ცალ-ცალკე შეხვედრებს მართავს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button