skip to content
ახალი ამბები

სააკაშვილი საქართველოს საერთაშორისო მხარდაჭერაზე საუბრობს

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს გაცილებით მეტი საერთაშორისო მხარდაჭერა აქვს დღეს, ვიდრე ჰქონდა აგვისტოს ომამდე და ამ კონტექსტში მან ახსენა აშშ-სთან გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია და ექვს ყოფილ საბჭოთა ქვეყანასთან დაგეგმილი ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივა.

”მარტო ის რად ღირს, რომ ჩვენი საგარეო მინისტრი  და ამერიკის სახელმწიფო მდივანი ერთი თვის განმავლობაში უკვე მეორეჯერ ხვდებიან ერთმანეთს, ასე ძალიან ცოტა ქვეყანასთან აქვს ამერიკას ურთიერთობები. ჩვენ მოვაწერეთ ხელი ამერიკასთან ქარტიას სტრატეგიული თანამშრომლობის და ახლა იქმნება უახლოეს პერიოდში, სამთავრობო ორმხრივი კომისია საქართველო-ამერიკის ამ სტრატეგიული ქარტიის განხორციელების,”- განუცხადა სააკაშვილმა 14 აპრილს ჟურნალისტებს სამედიცინო ცენტრში სტუმრობისას.

”პირველად ობამამ ყველაფერს თავისი სახელი დაარქვა. კი არ უთქვია [აგვისტოს ომში რუსეთის მოქმედებაზე] ძალის გადამეტება, არასწორი პასუხი, არათანაზომადი ქმედებები, პირდაპირ თქვა –  ეს არის შეჭრა სხვა ქვეყანაში და უკვე ყველამ დაიწყო ლაპარაკი, რომ შეჭრა, აგრესია, ანექსია. ერთი სიტყვით სიმართლემ მაინც იპოვა თავისი გზა,” – განაგრძო მან.

მისი თქმით, 6 მაისს ასევე ხელი ეწერება ”ორგანიზაციულად მჭიდრო კავშირს” ევროკავშირთან აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ფარგლებში, ”რაზეც ოცნებაც კი არ შეიძლებოდა ერთი წლის წინ”.

სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოს ახლა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ”უნიკალური შანსი” აქვს.

Newsweek-თან ინტერვიუში, რომელიც 11 აპრილს გამოქვეყნდა, პრეზიდენტმა სააკაშვილმა ისაუბრა დასავლელი პარტნიორებით იმედგაცრუებაზე იმის გამო, რომ მათ შეაჩერეს საქართველოსთან ურთიერთობები ქუჩის საპროტესტო აქციების შედეგის მოლოდინში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button