ახალი ამბები

ოპოზიცია აქციების არეალს აფართოვებს თბილისში

ოპოზიციის ლიდერებმა განუცხადეს აქციის მონაწილეებს, რომ ისინი სამოქალაქო დაუმორჩილებლობის ეგიდით აპირებენ აქციების გეოგრაფიული არეალის გაფართოებას თბილისში, რათა გააძლიერონ ზეწოლა ხელისუფლებაზე. 

მათი თქმით, დღის განმავლობაში თბილისში სამი მიმართულებით  – პარლამენტის შენობასთან, საზოგადოებრივ მაუწყებელთან და ავლაბრის მეტროსთან – ჩატარდება საპროტესტო აქციები და გადაიკეტება ქუჩები.

”არ შეისმენს [სააკაშვილი გადადგომაზე მოთხოვნას],  ეს მოედება მთელს თბილისს და შემდეგ სრულიად საქართველოს,”- განუცხადა გაჩეჩილაძემ მომიტინგეებს, ”მთავარია, რომ დღის წესრიგი დავუნგრიოთ მიხეილ სააკაშვილს – აი ეს არის მთავარი და არა ანარქია”.

ოპოზიციის სამოქმედო გეგმები კონსერვატიული პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კუკავამ გაახმოვანა. მისი თქმით, დღეს 18 საათიდან ერთი მანიფესტაცია პარლამენტის შენობიდან სტარტს აიღებს საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობისკენ, რომელსაც სათავეში ჩაუდგებიან ალიანსი საქართველოსთვის და ლევან გაჩეჩილაძე;  მეორე – ავლაბრის მიმართულებით მანიფესტაციას გაუძღვებიან კონსერვატიული პარტიის, მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის და ხალხის პარტიის ლიდერები, სადაც გადაიკეტება ქეთევან წამებულის გამზირი. ყველა დანარჩენი პოლიტიკური ლიდერი და პარტია დარჩება პარლამენტის შენობის წინ, სადაც რუსთაველის გამზირიც დარჩება გადაკეტილი.

”9 საათზე კი ყველანი ერთად აქ [პარლამენტის წინ] შევიკრიბებით საღამოს და ყოველდღიურად 9 საათზე გაიმართება საინფორმაციო მიტინგი,”- განუცხადა კუკავამ  მომიტინგეებს.

მისი თქმით, 11 აპრილიდან უკვე დღის 3 საათზე სამივე ადგილას  – პარლამენტის შენობასთან, საზოგადოებრივ მაუწყებელთან და ავლაბრის მეტროსთან –  დაიწყება საინფორმაციო მიტინგები.

”აუცილებელი არის ხვალაც და ზეგაც მთელმა მსოფლიო დაინახოს, რომ მიტინგები კი არ შეცოტავდება, არამედ კიდევ უფრო გაიზრდება,”- განაცხადა კუკავამ, ”თუ ეს აქციები არ იქნება ასაკმარისი იმისათვის, რომ მიხეილ სააკაშვილი გახდეს ადეკვატური  და მიიღოს გადადგომის გადაწყვეტილება, ჩვენ ყოველდღე საინფორმაციო მიტინგებზე გაცნობებთ სამოქმედო გეგმის შესახებ”.

დღეს აქციაზე იმაზე ნაკლები მოქალაქე იყო მისული, ვიდრე 9 აპრილს, რომელიც ოფიციალური დასვენების დღეა. 

ოპოზიციის ლიდერებმა ასევე განუცხადეს მხარდამჭერებს, რომ ისინი უკან არ დაიხევენ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნაში. თუმცა მათ ასევე მოუწოდეს მომიტინგეებს, რომ არ წამოეგონ პროვოკაციებს, რაც სააკაშვილისთვის ხელისუფლების შენარჩუნების ”ერთადერთი” შანსი იქნება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button