სემნები საპროტესტო აქციის შესახებ
საქართველოს პარტნიორები, მათ შორის ევროკავშირი ყურადღებით აკვირდებიან საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ამ ქვეყნის ”არასტაბილური ისტორიის ფონზე მასობრივი მანიფესტაციების კუთხით,” განუცხადა ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში პიტერ სემნებიმ ჟურნალისტებს 9 აპრილს თბილისში.
მისი თქმით, ევროკავშირს სთხოვა საქართველოს ხელისუფლებამ დააკვირდეს, თუ როგორ გაუმკლავდებიან ხელისუფლება და ოპოზიცია აქციებს. ევროკავშირის დიპლომატმა განაცხადა, რომ მას ასევე ახლო კავშირი აქვს ოპოზიციის ლიდერებთან.
”იმ შეხვედრების შემდეგ, რომელიც ორივე მხარესთან მქონდა, მე გავაკეთე დასკვნა, რომ როგორც ხელისუფლება, ისე ოპოზიცია აცნობიერებს იმას, თუ რა რისკი არსებობს, ასევე აცნობიერებს იმის მნიშვნელობას, რომ ეს მოვლენა თავშეკავებულად და ღირსეულად უნდა წარიმართოს და რომ მას ქვეყნისთვის კონსტრუქციული შედეგი უნდა მოყვეს,” – განაცხადა სემნებიმ.
”იმან, რაც დღეს ვიხილეთ, ნამდვილად დაადასტურა ის შთაბეჭდილება და ის მოლოდინი, რომელიც ჩვენ დემონსტრაციის დაწყებამდე გვქონდა,” – განაცხადა მან.
”ის, რასაც ეს მოვლენა გვიჩვენეს, ამავე დროს, არის ის, რომ საქართველოში არის საკითხები, რომელთაც მოგვარება სჭირდება და განხილვა სჭირდება ღია და გამჭირვალე გზით და იმ გზით, რომელშიც მთელი ქართული საზოგადოება ჩაერთვება. და ეს, რა თქმა უნდა, შეიცავს ძირითად საკითხებს, თუ როგორ იმართება ქვეყანა, საკონსტიტუციო საკითხებს, ხელისუფლების გადანაწილების საკითხებს და ასე შემდეგ,” – განაცხადა მან.
სემნებიმ ასევე განაცხადა, რომ საპროტესტო აქცია არის საშუალება იმისა, რომ ოპოზიციამ უჩვენოს, თუ რა მხარდაჭერა აქვს.
”ამგვარი ტიპის ყოველი მოვლენის დასრულება უნდა იყოს პროცესი, რომელიც განხორციელდება არა ქუჩაში, არამედ მოლაპარაკების მაგიდასთან,” – აღნიშნა მან, ”საქართველოს გზა არ უნდა მიდიოდეს პოლიტიკური საკითხების ქუჩაში გადაჭრის ფორმით, არამედ სხვა გზა უნდა გამოიძებნოს. ამავე დროს, შეკრების უფლება და აზრის თავისუფლად გამოხატვის უფლება არის ძირითადი დემოკრატიული უფლება, რაც დაცული უნდა იყოს. ეს არის პოლიტიკური პოზიციის გამოხატვის და არა პოლიტიკური საკითხების მოგვარების გზა”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)