ახალი ამბები

ოპოზიცია სააკაშვილის გადადგომამდე აქციების შეწყვეტას არ აპირებს

ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან გაჩეჩილაძემ მოუწოდა მიტინგის მონაწილეებს, რომ ყოველდღიურად დღის 3 საათზე დიდი რაოდენობით შეიკრიბონ პარლამენტის შენობასთან.

”ღამით ვისაც შეუძლია დარჩეს და ვისაც სურს წავიდეს,” – განაცხადა მან, ”მაგრამ ყოველდღე 3 საათზე გთხოვთ შევიკრიბოთ იმიტომ, რომ მოვლენები შესაძლოა სწრაფად განვითარდეს. ჩვენ [ოპოზიციის ლიდერები] განახებთ გამძლეობის და სიმტკიცის მაგალითს”.

მან ასევე ისაუბრა საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობასთან გამართული შეხვედრის შედეგებზე. მისი თქმით, აქციებზე გამოსული ხალხის დიდი რაოდენობის გამო პირველი არხი ოპოზიციური აქციების უფრო ფართოდ გაშუქებას და ლიდერებისთვის პირდაპირი ეთერის დათმობას დაპირდა. პირველი არხის შენობის წინ დღეს შუადღისას ოპოზიციის ლიდერები არხის ხელმძღვანელობასთან შესახვედრად ხალხთან ერთად მივიდნენ.

იმავდროულად, ჟურნალისტებისათვის გამართულ ბრიფინგზე ალიანსი საქართველოს ლიდერმა ირაკლი ალასანიამ აღნიშნა, რომ ”კონსერვატიული დათვლებით” დღევანდელ აქციაზე 130 ათასმა მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა და არცერთ ექსცესს ადგილი არ ჰქონია. მან ტყუილი უწოდა შსს-ის ინფორმაციას, რომ ქუჩაში მხოლოდ 25 ათასი ადამიანი იყო გამოსული.

მისი თქმით, მოვლენათა შემდგომი განვითარება დამოკიდებული იქნება იმ პასუხზე, რასაც მიხეილ სააკაშვილი ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის თაობაზე მიცემულ 24-საათიან ულტიმატუმს გასცემს, რომელიც 10 აპრილს 3 საათის შემდეგ იწურება. 

”ხელისუფალის მხრიდან ადეკვატური რეაგირება იქნება საფუძველი იმისი, რომ  რეალურად პოლიტიკური ვითარება და კრიზისი განიმუხტოს,”- განაცხადა მან, ”თუკი იქნება იგნორირება, ბუნებრივია, ეს კიდევ უფრო გაზრდის წინაღობას და უნდობლობას ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის და პოლიტიკური კრიზისი კიდევ უფრო გამძაფრდება”. 

Back to top button