
ოპოზიციის ლიდერებმა მიტინგზე სააკაშვილის გადადგომა მოითხოვეს
პარლამენტის შენობის წინ ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებულ მიტინგზე, სადაც ათი ათასობით ადამიანია შეკრებილი, ოპოზიციის ლიდერებმა პრეზიდენტის თანამდებობიდან მიხეილ სააკაშვილის გადადგომა მოითხოვეს.
მიტინგზე ისმის სკანდირება: ”მიშა წადი!”.
პოლიტიკოსებიდან აქციის მონაწილეებს პირველმა ლევან გაჩეჩილაძემ მიმართა. ”მოვედით, რომ ვთქვათ გადადგეს, გადადგეს მიხეილ სააკაშვილი,”- განაცხადა მან, ”ის [სააკაშვილი] ებრძვის ყველაფერ ქართულს, ის ებრძვის ქართულ ეკლესიას, ქართულ ფასეულობას, ის ებრძვის საქართველოს. აქედან გამომდინარე ჩვენ არ გვაქვს სხვა გზა, რომ ვიდგეთ აქ ბოლომდე, სანამ არ წავა იუდა პოლიტიკურ ასპარეზიდან”.
ალიანსი საქართველოსთვის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განუცხადა მომიტინგეებს, რომ ხელისუფლების ცვლილება ”გარდაუვალია” და მოუწოდა ”ხელისუფალს” გააცნობიეროს ხალხის ნება და ”თვალი გაუსწოროს” მას. მისი თქმით, სააკაშვილმა ვერც ქვეყნის გაერთიანების და ვერც მის კეთილდღეობაზე მიცემული პირობა ვერ შეასრულა.
”დროა წახვიდე და დანიშნო არჩევნები და მისცე ხალხს თავისი ნების განხორციელების საშუალება,”- განაცხადა მიტინგზე ალასანიამ პრეზიდენტ სააკაშვილის მისამართით, ”ეს არის კონსტიტუციური გზით ხელისუფლების შეცვლა, არა ძალადობით და არა რევოლუციით”.
მან ასევე განაცხადა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ქართველი ხახლის გვერდით დგას. ”მე მინდა საგარეო მეტოქეებს ვუთხრა: დღეს ჩვენ შეიძლება გვაქვს შეკითხვა, თუ ვინ უნდა გაუძღვეს ქვეყანას, მაგრამ ვართ ერთიანი იმაში, რომ ქვეყანა თავისუფალი უნდა იყოს”.
აქციის მონაწილეებს ასევე მიმართა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ და პირველ რიგში, მან ხალხს ბოდიში გადაუხადა იმის გამო, რომ ხელისუფლებაში ყოფნისას ვერ შეძლო მათი დაცვა 2007 წლის 7 ნოემბერს ხელისუფლების მიერ აქციის დარბევის დროს.
”არ მრცხვენია, რომ ამ ხალხს ბოდიში მოვუხადო იმისათვის, რომ ვერ დავიცავი ეს ადამიანები 7 ნოემბერს,”- განაცხადა მან მას შემდეგ, რაც მომიტინგეების მხრიდან აგრესიული შეძახილები გაისმა, ”ვიბრძოლებ ბოლომდე, მართლა ბოლომდე, რომ შევძლო თქვენი ღირსების დაცვა”.
”მან [სააკაშვილმა] ომი წააგო და ბოდიშიც კი არ მოიხადა,”- განაგრძო ბურჯანაძემ, ”კაცი, რომელმაც ეს ქვეყანა დაშალა, რომელმაც ეს ქვეყანა დააპირისპირა, სანამ ეს კაცი ამ ქვეყნის ხელისუფლებიდან არ წავა, მე ვიბრძოლებ ბოლომდე რომ ჩვენი ერთიანობით პრეზიდენტი გადადგება და ეს ქვეყანა თავისუფალ არჩევანს გააკეთებს”.
მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის ლიდერმა ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ სააკაშვილის გადადგომის საკითხში ”არანაირი კომპრომისი არ იქნება”. ”აღდგომას საქართველო უნდა შეხვდეს თავისუფალი,”- განაცხადა მან.
ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა, რომლის პარტიაც 9 აპრილის აქციის ორგანიზატორობაზე პასუხისმგებლობას არ იღებს, განუცხადა მომიტინგეებს, რომ სააკაშვილის ხელისუფლება ”აუცილებლად შეიცვლება”.
”ყველა ერის და ეროვნების ადამიანი, რომელიც აქ დგას, თავს გრძნობს შეურაცხყოფილად, რადგანაც ის ცხოვრობს იმ საქართველოში, რომელსაც ხელმძღვანელობს ბრძოლის ველიდან სამარცხვინოდ გაქცეული ე.წ. უმაღლესი მთავარსარდალი და ჩვენ ასეთ უმაღლეს მთავარსარდალს არ შევეგუებით და ძალიან მალე გავუშვებთ პოლიტიკურ მოუსავლეთში,”- განაცხადა ნათელაშვილმა.
იმავდროულად, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის ხელმძღვანელობით მისი პარტია მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის ბათუმში საპროტესტო აქციას ატარებს პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით.