ახალი ამბები

ბოკერიას კომენტარი პრეზიდენტის ამერიკელ მასაჟისტზე

ოპოზიციის მხარდამჭერი ერთ-ერთი ახალგაზრდული ჯგუფი თბილისის ქუჩებში აკრავს პლაკატებს პრეზიდენტ სააკაშვილის და ამერიკელი მასაჟისტის ფოტოთი.

The New York Times-ის ჯურნალისტთან საუბრისას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგა ბოკერიამ კომენტარი გააკეთა პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ ამერიკელი მასაჟისტის, Dr. Dot-ის საქართველოში ჩამოყვანასთან დაკავშირებით. მან დაადასტურა ეს ფაქტი, თუმცა მან უარყო, რომ ამისთვის სახელმწიფო სახსრები იქნა გამოყენებული და დასძინა, რომ ამ ეპიზოდს ხელისუფლების ოპონენტები პრეზიდენტის რეპუტაციის შესალახად იყენებენ.

”ის, რასაც ამბობენ, არის, რომ თითქოს პრეზიდენტმა გააგზავნა თავისი თვითმფრინავი – არ ვიცი ერთი ვერსიით შეერთებულ შტატებში, და მეორე ვერსიით გერმანიაში – რათა ის [მასაჟისტი] ჩამოეყვანათ საქართველოში. რა თქმა უნდა, ეს [ბრალდება] სერიოზულია; ასეთი საქციელი ბანანის რესპუბლიკის დიქტატორის საქციელს გავს. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ეს ყველაფერი ტყუილია,” – განაცხადა ბოკერიამ.

”საქმე იმაშია, რომ ის [მასაჟისტი] ჩამოვიდა საქართველოში და გაატარა დრო დაცვის ბიჭებთან და გაუკეთა მასაჟი პრეზიდენტს და შეიძლება დარჩა კიდეც რამოდენიმე საათი თუ ერთი დღე [პრეზიდენტის] რეზიდენციაში,” – განაგრძო ბოკერიამ.

”რომ ყოფილიყო რამე ინფორმაცია იმაზე, რომ ამ სახის პირადი რაღაცისთვის სახელმწიფო სახსრები იქნა გამოყენებული, ეს დამაზიანებელი იქნებოდა,” – დასძინა ბოკერიამ, ”მაგრამ ეს არ არის მართალი. და არც არავინ ფიქრობს, რომ ეს მართალია, გარდა მთავრობის ზოგიერთი მწვავე კრიტიკოსისა – ეს უნდა აღინიშნოს. ყველამ იცის, რომ ეს არ არის ის, როგორც პრეზიდენტი სააკაშვილი მართავს ამ ქვეყანას.”

აღნიშნული კომენტარი 8 აპრილს New York Times-ის ახალი ამბების ბლოგზე გამოქვეყნდა, სადაც პრეზიდენტისა და ამერიკელი მასაჟისტის ამბავი დეტალურად არის განხილული.

ბოკერიას კომენტარის შემდეგ, ბლოგის ავტორი წერს: ”როგორც ჩანს, ბატონმა ბოკერიამ დიდი დრო არ დაუთმო მის [მასაჟისტის] მიერ საქართველოში მოგზაურობის შესახებ მონაყოლი ამბების კითხვას, რომელიც მან საკუთარ ბლოგზე განათავსა. ბოკერიას განცხადება მასაჟისტის საქართველოში დარჩენის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით არ ემთხვევა იმ პირველივე სიტყვებს, რასაც თავად მასაჟისტი წერს ბლოგზე: ”მე აქ ერთი კვირაა რაც ვარ და ვუკეთებ მასაჟს დედამიწაზე ჩემს საყვარელ კლიენტს… საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც დამპატიჟა მის საინტერესო ქვეყანაში”.

New York Times-ის ბლოგის ავტორი შემდეგ განაგრძობს: ”რაც შეეხება ბატონი ბოკერიას მტკიცებას, რომ პრეზიდენტს არ გაუგზავნია მისი თვითმფრინავი Dr. Dot-ის საქართველოში ჩამოსაყვანად, აქ უნდა აღინიშნოს, რომ პირველივე კადრზე იმ სამნაწილიანი ვიდეო დღიურისა, რომელიც მის [მასაჟისტის]  YouTube-ის არხზეა განთავსებული, ჩანს ბათუმის აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე მდგარი თვითმფრინავი, ხოლო თავად Dr. Dot-ი ამბობს: ’ხედავთ თვითმფრინავს? მე ჩამოვფრინდი ბერლინიდან, გერმანიიდან ბათუმში, საქართველოში პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთად’. ასე რომ, Dr. Dot-ის სიტყვების მიხედვით, თვითმფრინავი მისთვის არ გაუგზავნიათ, მან პრეზიდენტთან ერთად იმგზავრა.”

Back to top button