ახალი ამბები

”როიტერის” ანალიტიკური სტატია ოპოზიციის წარმატებას საეჭვოდ მიიჩნევს

სააგენტო ”როიტერმა” 6 აპრილს გამოაქვეყნა ანალიტიკური სტატია საქართველოში პრეზიდენტ სააკაშვილის გადაყენების მოთხოვნით ოპოზიციის მიერ დაგეგმილი საპროტესტო აქციების შესახებ, სადაც ნათქვამია, რომ ოპოზიციაში ”შიდა დაპირისპირება და პოლიტიკური კურსის ნაკლებობა იმის მანიშნებელია, რომ მისი მცდელობა ალბათ უფრო წარუმატებელი იქნება. ”

”ამის შედეგად გამოწვეული იმედგაცრუება, როგორც ანალიტიკოსები აღნიშნავენ, შესაძლოა ქუჩის უწესრიგობებში გადაიზარდოს,” – წერს ”როიტერი,” ”საქართველოს რუსეთთან ხუთ-დღიან ომში დამარცხებამ სააკაშვილზე ზეწოლა გააძლიერა, რომელიც ისედაც უკვე იყო კრიტიკის ობიექტი დემოკრატიის ნაკლებობის და თავხედური სტილის გამო, რამაც თბილისის ელიტის მისდამი გაუცხოება გამოიწვია”.

სააგენტო მიუთითებს, რომ ოპოზიციის გათვლებით დაგეგმილ საპროტესტო აქციებზე 150 ათასი ადამიანი გამოვა, ”თუმცა ანალიტიკოსები ამაში არ არიან დარწმუნებულები.”

”ოპოზიციას აკლია ძლიერი ლიდერი და კრიტიკოსები იძახიან, რომ ოპოზიცია იმაზე უფრო დავობს თუ როგორ ჩაიგდონ ხელისუფლება ხელში, ვიდრე იმაზე, თუ როგორ მოახდინონ პოლიტიკაზე გავლენა უფრო ნელი და რუტინული საქმიანობით.”

”დროში გაწელილი დაპირისპირება მომიტინგეებთან პარლამენტის წინ იქნება მოთმინებაში ტესტი ხელისუფლებისთვის, რომელმაც რეზინის ტყვიებით და ცრემლსადენი გაზით უკვე ჩაახშო 2007 წელს დიდი საპროტესტო გამოსვლები,” – ნათქვამია სტატიაში.

იქვე მოყვანილია ცენტრალური აზიისა და კავკასიის ინსტიტუტის მკვლევარის სვანტე კორნელის სიტყვებიც, რომელიც ამბობს: ”თუ იტყვი რომ სააკაშვილი უნდა წავიდეს, მაგრამ ის არ წავა, მაშინ რას აკეთებ? მაშინ მოგიწევს სახის გადარჩენა და აშკარაა რომ აქ ჩნდება დაძაბულობის საშიშროება, რომელიც რაღაც ფორმით ძალადობაში გადაიზრდება.”

”როიტერი” ასევე აღნიშნავს, რომ მართალია პრეზიდენტ სააკაშვილის მთავრობას ომის შემდეგ უკვე მესამე პრემიერ-მინისტრი ჰყავს, თუმცა მისი შიდა გარემოცვა კვლავაც ერთიანი რჩება.

არეულობისადმი შიში კიდევ უფრო გაძლიერდა მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფარული ჩანაწერები გამოაქვეყნა, ნათქვამია სტატიაში. ”როიტერი” წერს, რომ დიპლომატების თქმით, ამ სკანდალმა შესაძლოა მიტინგის მონაწილეთა რაოდენობა შეამციროს.

სტატიაში ნათქვამია, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი ეკონომიკაზე დიდ აქცენტს აკეთებს და იქვე კვლავ არის მოყვანილი სვანტე კორნელის სიტყვები, რომელიც აცხადებს: ”ხალხი ღელავს ეკონომიკაზე და ყოველდღიურ ცხოვრებაზე და გარკვეულ წილად ისინი დაღლილები არიან ამ დედაქალაქის ქუჩებში გადატანილი პოლიტიკური დაპირისპირებით.”

”სააკაშვილზე აქცენტის გაკეთება პრეზიდენტისადმი ყველაზე მკვედრად დაპირისპირებულ ოპონენტებს გამოიყვანს ქუჩაში,” – დასძენს კორნელი, ”მაგრამ მიიღებენ კი ისინი საკმარის შედეგს? ეს არის მთავარი შეკითხვა.”

”ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ოპოზიციის ლიდერებმა იმდენი ილაპარაკეს სააკაშვლის გადაყენებაზე, რომ თუ მათ ეს ვერ შეძლეს, მერე მათ შესაძლოა მოუწიოთ ყველაზე რადიკალური განწყობების კონტროლისთვის ბრძოლა,” – ნათქვამია სტატიაში, ”პოლიციის მიერ კიდევ ერთხელ ძალის გამოყენება [დემონსტრანტების წინააღმდეგ] იქნება კატასტროფული საქართველოს იმიჯისთვის დასავლეთში, მაშინ როდესაც პრეზიდენტ ობამას პოლიტიკა რეგიონისადმი ჯერ კიდევ ფორმირების სტადიაშია.”

Back to top button