ახალი ამბები

სასამართლომ ქიბარ ხალვაშის კომპანია ”არტის” ქონების გაყიდვაზე მთავრობას თანხმობა მისცა

გერმანიაში ემიგრირებული ბიზნესმენის, ქიბარ ხალვაშის კუთვნილი კომპანია ”არტი ჯგუფის” ქონებას ფინანასთა სამინისტრო აუქციონზე გაყიდის.

თბილისის საქალაქო სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება 1 აპრილს გამოიტანა. სასამართლოს პრესრელიზსში ნათქვამია, რომ ფინანსთა სამინისტრო ხალვაშის ქონების რეალიზაციის გზით შეძლებს კომპანიის მიერ აღიარებული საგადასახადო დავალიანების 23.4 მლნ ლარის დაფარვას. ამავე ცნობით, აღნიშნული დავალიანების გამო ”არტი” 2008 წლის 30 აპრილიდან დაყადაღებული იყო.

2007 წლის 24 დეკემბერს კომპანია ”არტი ჯგუფის” საწყობი, რომელიც  Procter & Gamble, Gillette, Uni, Dilmah და Sara Lee პროდუქციის ექსკლუზიური შემომტანი იყო საქართველოში, ხანძრის შედეგად განადგურდა. მანამდე კი კომპანია 24 სექტემბერს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა დალუქა, რის შემდეგაც ერთთვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ ”არტი ჯგუფმა” მუშაობა განაახლა ისე, რომ ფინანსური დარღვევები ვერ იქნა აღმოჩენილი.

”არტი ჯგუფის” მეპატრონე ქიბარ ხალვაში თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის ახლო მეგობარია. მის ბიზნესებზე შეტევა მას შემდეგ განხორციელდა, რაც ოქრუაშვილი 2008 წლის სექტემბერში ოპოზიციაში გადავიდა და მწვავედ დაუპირისპირდა ხელისუფლებას.

ხალვაშმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ მას ხელისუფლებამ აიძულა 2006 წლის ნოემბერში დაეთმო წილები ტელეკომპანიებში ”რუსთავი 2” და ”მზე”. შარშან მაისში ასევე დალუქეს მისი კუთვნილი ბეტონის ქარხანა ”პრიზა”. 

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ხალვაშის ბიზნესების დევნას პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებენ.

მსგავსი/Related

Back to top button