ბურჯანაძის თქმით, ერთ-ერთი დაკავებული მისი პარტიის წევრი არ არის
პარტიის დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ერთ-ერთ დაკავებულს, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 25 მარტს გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში ჩანს, არაფერი აქვს საერთო მის პარტიასთან.
ჩანაწერში ჩანს როგორ ესაუბრება მამაკაცი, რომელსაც შსს პარტიის აქტივისტად როინ ბუღაშვილად მოიხსენიებს, რამოდენიმე სხვა ადამიანს, შსს-ის თქმით, სამოქალაქო ომის პროვოცირების შესაძლებლობების თაობაზე. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ჩანაწერი ფარულად იქნა გადაღებული ფარული აგენტის მიერ პარტიის თბილისის ერთ-ერთ ოფისში, კერძოდ ისანი-სამგორის რაიონულ ოფისში.
”დღეს [გამოქვეყნებული მასალები] არის აბსოლუტური აბსურდი, რასაც ჩვენ ვხედავთ. აბსურდი სულ უფრო და უფრო ფართო მასშტაბებს იღებს და როგორც ჩანს, ეს აბსურდი გაგრძელდება იმ საზღვრებამდე, რომლის წარმოდგენაც საზოგადოების ნორმალურ ადამიანებს უბრალოდ ძალიან გაუჭირდება,” – განუცხადა ბურჯანაძემ ჟურნალისტებს.
”ჩვენ ვნახეთ, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან უცნაური კადრები: დილის 6 საათზე პარტიის ოფისში აყავთ პირი, რომელსაც არავითარი უფლებამოსილება არ გააჩნია პარტიის მხრიდან, რომელსაც არცერთი პარტიის უფლებამოსილი წევრი არ იცნობს და რომელსაც არანაირი შეხება სამგორის ოფისთან არ აქვს,” – დასძინა მან.
როინ ბუღაშვილის სახელი იმ ცხრა ადამიანის სიაში შედიოდა, რომელიც სახალხო დამცველის აპარატმა 23 მარტს გაავრცელა, პარტიის აქტივისტების დაკავებიდან რამდენიმე საათში. სხვების მსგავსად ბუღაშვილიც პარტიის აქტივისტად იყო მოხსენიებული.
სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმა 25 მარტს Civil.Ge-ს განუცხადა, რომ სახალხო დამცველის აპარატის მიერ 23 მარტს გამოქვეყნებული ცხრა ადამიანის სია მათ თავად პარტიამ მიაწოდა.
შსს-ს მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოჩანაწერში, მამაკაცი, რომელიც სავარაუდოდ ბუღაშვილია ეუბნება თანამოსაუბრეებს, რომ ის შსს-ში მუშაობდა ნინო ბურჯანაძის მეუღლესთან, ბადრი ბიწაძესთან ერთად. ბიწაძე 2008 წლის ოქტომბრამდე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე და სასაზღვრო პოლიციის უფროსი იყო.
”მე ბუღაშვილს არ ვიცნობ, არც არასდროს არ მინახავს, არც ჩემთან არც არასდროს არ უმუშავია; ეს არის კიდევ ერთი ბინძური პროვოკაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ,” – განუცხადა ბიწაძემ ჟურნალისტებს 25 მარტს. ”ვიცნობ ვანო მერაბიშვილს [შინაგან საქმეთა მინისტრს] და მიხეილ სააკაშვილს. მიხეილ სააკაშვილს ვიცნობ ბავშვობიდან და ვიცოდი რა ნაძირალაც იყო, ამიტომ რომ დამიჭიროს, ან რომ დამხვრიტოს ნამდვილად ღირსი ვარ”. ბიწაძემ ასევე განაცხადა, რომ ბუღაშვილი მერაბიშვილის ”ნასედკაა” პარტიაში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)