ახალი ამბები

საპარლამენტო უმრავლესობა მოუწოდებს ოპოზიციას გაემიჯნოს იარაღის თემას

მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ 25 მარტს გამოაქვეყნა ნინო ბურჯანაძის პარტიასთან ასოცირებულ აქტივისტებზე იარაღთან დაკავშირებული მორიგი ფარული ჩანაწერები, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერებმა მოუწოდეს ოპოზიციურ ძალებს გაემიჯნონ ამ პროცესს.

”მე არ ვიცი ეს ხალხი საიდან ჩნდება, მე არ ვიცი ეს ხალხი რა ორგანიზაციით, რა დაფინანსებით, რა იდეოლოგიით, რა გზებისთვის და რა მიზნებისთვის იბრძვიან, მაგრამ საღი პოლიტიკური ძალები ოპოზიციური, ნებისმიერ ქვეყანაში ამას გაემიჯნებოდნენ, მათ შორის საკუთარ პარტიაში,”- განაცხადა უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გოკა გაბაშვილმა.

უმრავლესობის ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა გააფრთხილა ოპოზიცია იმ პასუხისმგებლობის შესახებ, რომელიც მათ ”ხელისუფლების დამხობის მწვავე მოწოდებების გაკეთების დროს” ეკისრებათ, ”იმიტომ, რომ როგორც დღეს ჩვენ ვიხილეთ, შემდეგ ჩნდებიან ადამიანები, რომლებიც ამგვარ პროვოკაციებზე არიან წამსვლელები და ამდენად ემტერებიან საკუთარ სახელმწიფოს და საკუთარ ხალხს”.

”ჩვენ არანაირად ამ საკითხის პოლიტიზირება არ გვინდა,”- განუცხადა მან ჟურნალისტებს 25 მარტს, ”ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს იმისათვის, რომ მშვიდობიანი უდანაშაულო ადამიანების უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი  – იქნება ეს 9 აპრილს თუ სხვა ნებისმიერ დემონსტრაციაზე”.

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ შსს-ის მიერ გამოქვეყნებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით განაცხადა: ”პირდაპირ იმის მტკიცება, რომ ეს ადამიანები უშუალოდ რომელიმე პოლიტიკური პარტიის ლიდერის დავალებით და სქემით მოქმედებენ, იქნება ძალიან რთული და ამის დასამტკიცებლად სხვა დამატებითი გარემოებები ექნება გამოძიებას წარმოსადგენი”. 

”მაგრამ ის, რომ ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ სიტუაცია უნდა განვმუხტოთ,”- განაგრძო მან, ”რომ ყველა პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღწეული სწორედ პოლიტიკური მეთოდებით და არა სხვა გზით, ეს მე მგონი, ყველასთვის ორჯერ ორი ოთხია”.

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ აშშ-დან მოუწოდა ოპონენტებს ვითარების განმუხტვისთვის  დიალოგისკენ, რომლის დროსაც ხელისუფლება მზადაა განიხილოს ”რამდენიმე” კომპრომისული ნაბიჯი.
 

Back to top button