ახალი ამბები

საქართველოს სჭირდება ეუთოს ყოფნა – ვაშაძე

საქართველოს სჭირდება ეუთოს ყოფნა, რათა "მრავალმხრივი ძალისხმევით" გადაწყდეს ის პრობლემები, რაც რუსეთის აგრესიამ და კონფლიქტური რეგიონების ოკუპაციამ გამოიწვია, განაცხადა 23 მარტს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ.

მან ეს განცხადება თბილისში ვიზიტად მყოფ თავის ბერძენ კოლეგასთან, ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესთან დორა ბაკოიანისთან მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. 

ბაკოიანისის განცხადებით, საქართველოდან ეუთოს მისიის გასვლით შესაძლოა საფრთხე შეექმნას სამშვიდობო პროცესს.

ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის თბილისში ჩამოსვლამდე რამდენიმე საათით ადრე გამართულ პრესკონფერენციაზე ვაშაძემ განაცხადა, რომ ეუთოს მისიის საქმიანობის გაგრძელების თაობაზე ”ოპტიმიზმის” საფუძველი არ არსებობს. რუსეთმა მისიის გაგრძელება დეკემბერში დაბლოკა.

”რუსეთს კვლავ იგივე ხისტი პოზიცია აქვს და მიუხედავად იმისა, რომ ბერძნული თავმჯდომარეობა რამდენჯერმე გამოვიდა კარგად მოფიქრებული კომპრომისული წინადადებით, სამწუხაროდ, რუსეთის ფედერაცია ვერ დავითანხმეთ ვერაფერზე და ჯერ-ჯერობით ისეთი პირი უჩანს, რომ ვერ ხერხდება საქართველოში ეუთოს მისიის შენარჩუნება,”- განაცხადა მან. 

Back to top button