ახალი ამბები

Georgian Times-ის მფლობელი გაზეთის გამოცემას წყვეტს

ქართულენოვანი ყოველკვირეული გაზეთის Georgian Times-ის მფლობელმა მალხაზ გულაშვილმა განაცხადა, რომ იგი წყვეტს გაზეთის გამოცემას მის ოჯახზე ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის გამო.

17 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე გულაშვილმა განაცხადა, რომ გასულ კვირას პოლიციამ გააჩერა მანქანა, რომლითაც მისი ვაჟიშვილი მგზავრობდა და იარაღის მუქარით გაჩხრიკა იგი და მისი მეგობრები. გულაშვილის თქმით, ეს იყო ”ფსიქოლოგიური ტერორი” მისი შვილის მიმართ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კატეგორიულად უარყო ეს განცხადება და განაცხადა, რომ მას გულაშვილის შვილის დაკავების და გაჩხრეკის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნია.

”კატეგორიულად გამოვრიცხავთ ბატონ გულაშვილზე, მის ოჯახსა და მის თანამშრომლებზე რაიმე სახის ზეწოლას,” – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში, ”იმ შემთხვევაში, თუ ბატონ მალხაზ გულაშვილს გააჩნია რაიმე  დამატებითი ინფორმაცია ამ ფაქტთან დაკავშირებით,  მას შეუძლია მიმართოს შინაგან საქმეთა სამინისტროს”.   

გულაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ხელისუფლების ზეწოლა უკავშირდება მის ცოტა ხნის წინანდელ მონაწილეობას კონფერენციაში, რომელიც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს მიეძღვნა ვენაში 13 მარტს.

კონფერენცია, რომელიც გულაშვილის თქმით, ავსტრიის თავისუფლების პარტიის ორგანიზებით გაიმართა, ქართულმა ტელევიზიებმა ფართოდ გააშუქეს და მათი ინფორმაციით, ამ ღონისძიებას რუსეთი უჭერდა მხარს.  კონფერენციაში ასევე მიიღეს მონაწილეობა მრეწველთა პარტიის ლიდერმა ზურაბ ტყემალაძემ, პარტია თავისუფლების ლიდერმა კონსტანტინე გამსახურდიამ, ასევე ყოფილმა დეპუტატმა ლევან პირველმა, რომელიც ამჟამად ავსტრიაში ცხოვრობს.

”ვენის კონფერენციამ საქართველოში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია,” – განაცხადა გულაშვილმა, ”ხელისუფლებამ კონფერენციის, მისი მონაწილეებისა და იქ დამსწრე ქართული დიასპორის წრეგადასული დისკრეტიდაცია დაიწყო. სამწუხაროდ, მას არც ზოგიერთი "ოპოზიციონერი” ჩამორჩა”.

14 მარტს პრეზიდენტმა სააკაშვილმაც ახსენა ვენის ღონისძიება და განაცხადა, რომ საქართველოში რევანშისტები თავის მიზნებს ვერ მიაღწევენ, რადგან ”ეს ის საქართველო აღარ არის”. ”ვიხილე ტელევიზიით ქართული ენერგომაფიის მამა ლევან პირველი როგორ გვარიგებდა ჭკუას ვენიდან. ეს არის ნამდვილი კრიმინალი, რომლის გამო და მისი და მასთან მთავრობაში დაკავშირებული ხალხის გამო საქართველო იყო ჩაბნელებული ათწლეულზე მეტის განმავლობაში,” – განაცხადა სააკაშვილმა. ”სხვა თუ არაფერი, დღისით, მზისით ახალგაზრდა ბიჭი მოკლა თავის მეუღლის თვალწინ. ყველაფერი ეს შერჩა, გაიქცა ვენაში და იქიდან აპირებს თურმე საქართველოს მოაჯდეს ხელახლა სხვადასხვა მაქინაციების გამოყენებით”.

გულაშვილმა, რომელიც აგვისტოს ომის შემდეგ შექმნილი რუსულ-ქართული საზოგადოებრივი საბჭოს თავმჯდომარეცაა, განაცხადა, რომ იგი განაგრძობს ინგლისურენოვანი Georgian Times-ის გამოცემას.

გულაშვილი არის საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის ბიზნეს პარტნიორი,  რომლის მფლობელიც დაზვერვის სამსახურის უფროსის გელა ბეჟუაშვილის ძმა, დეპუტატი დავით ბეჟუაშვილია. გულაშვილი საინფორმაციო სააგენტო Georgian Business Consulting-ის აქციონერი, სადაც საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი აქციების საკონტროლო პაკეტის მფლობელია. საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი ასევე ფლობს ტელეკომპანიების რუსთავი 2-ის, მზის და პირველი სტერეოს აქციებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button