სააკაშვილი: ”ინტერ რაოსთან” ენგურჰესზე სრულყოფილი გარიგება დაიდება
პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლებას არ აქვს დაწესებული რაიმე ვადები რუსეთის კომპანია ”ინტერ რაოსთან” ენგურჰესის ერთობლივ მართვაზე შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით და დასძინა: ”ჩვენ ვმუშაობთ რუსებთან საუკეთესო ვარიანტის მისაღწევად”.
”ჩვენ გვაქვს საერთო ინტერესი საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტზე, საიდანაც საქართველო დამატებით შემოსავალს მიიღებს. ვფიქრობ, რომ ენგურჰესზე გარიგება სრულყოფილი იქნება,” – განაცხადა მან Bloomberg-ისთვის ბათუმში მიცემულ ინტერვიუში 12 მარტს.
”ჩვენ არ ვაპირებთ ხელი შევუშალოთ რუსული კომპანიების შემოსვლას საქართველოში,” – განაცხადა სააკაშვილმა, ”რაც უფრო მეტ ბიზნეს ინტერესს მივიღებთ, მით უფრო ნაკლები იქნება პოლიტიკური ზეწოლა. მე არასდროს მითქვამს, რომ საქართველოს არ სჭირდება რუსული ბიზნესი… რუსები ცდილობენ ქართული ღვინო იტალიურით ან ესპანურით ჩანაცვლონ. მაგრამ, არ არსებობს გზა, რომლითაც ისინი ქართულ ელექტოენერგიას ჩაანაცვლებენ”.
საქართველომ ”ინტერ რაოსთან” ენგურჰესის ერთობლივი მართვის თაობაზე ურთერთგაგების მემორანდუმს ხელი დეკემბერში მოაწერა, რამაც ოპოზიციის კრიტიკა გამოიწვია. მხარეებს ჯერ არ მოუწერიათ ხელი იურიდიულად სავალდებულო კონტრაქტისთვის.
სააკაშვილმა თებერვლის ბოლოს განაცხადა, რომ ეკონომიკური თანამშრომლობას სტაბილურობა მოაქვს და ამიტომ ”საჭიროა, რომ ვითანამშრომლოთ ენგურთან დაკავშირებით” რუსეთთან.
”ახლა ეკონომიკური კრიზისის ფონზე, როდესაც ჩვენი ეკონომიკა სირთულეებს განიცდის და როდესაც რუსეთის ეკონომიკა პრაქტიკულად სრული კოლაფსის პირობებში იმყოფება, ჩვენ ვეპატიჟებით რუს ბიზნესმენებს საქართველოში, რათა მათ თავიანთი თვალით დაინახონ, რომ ამ ქვეყანაში მათ არავინ მოსთხოვს ქრთამს ან რაიმე წილს,” – განაცხადა სააკაშვილმა 25 თებერვალს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)