ახალი ამბები

ბურჯანაძე მის წინააღმდეგ “ბინძურ პროპაგანდაზე” საუბრობს

დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს ლიდერმა, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ ხელისუფლებას 9 აპრილის აქციის და კონკრეტულად მის წინააღმდეგ ბინძური კამპანიის წარმოებაში დასდო ბრალი.

12 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე მან განაცხადა, რომ გულუას ქუჩის #10-ში მდებარე პოლიციის განყოფილების კუთვნილი სატელეფონო ნომრიდან მისი პარტიის სახელით ხორციელდებოდა ზარები მოსახლეობასთან, რომლის დროსაც სთხოვდნენ პოზიციის დაფიქსირებას 9 აპრილის აქციასთან დაკავშირებით – ”აპირებდნენ თუ არა ისინი მისვლას აქციაზე და შეიცვლიდნენ თუ არა პოზიციას იმ შემთხვევაში, თუკი მოხდებოდა იარაღის გამოყენება პარტიის მხრიდან”. ბურჯანაძემ ეს ინფორმაცია კონკრეტულ მოწმეზე დაყრდნობით გაახმოვანა და ქართულ და საერთაშორისო საზოგადოებას ”ადეკვატური რეაგირებისაკენ” მოუწოდა.

”ხელისუფლებამ აამუშავა მთელი თავისი პროპაგანდისტული მანქანა, რათა ჯერ ნინო ბურჯანაძე წარმოედგინა 9 აპრილის ერთადერთ ორგანიზატორ და პასუხისმგებელ სუბიექტად; შემდეგ პროპაგანდა გამძაფრდა და გაჩნდა სრულიად აბსურდული და დაუსაბუთებელი ბრალდებები, საეჭვო წარმოშობის – რუსულ დაფინანსებასთან დაკავშირებით,”- განაცხადა მან, ”და ბოლოს, გაზეთ ”ალიაში“ გამოქვეყნდა ასევე, სრულიად დაუსაბუთებელი და აბსურდული ინფორმაცია  ვითომდა რაღაც შეირაღებული ბანდების ფორმირებასთან დაკავშირებით”.

”ალიაში” გამოქვეყნებულ სტატიას, სადაც საუბარი იყო ნინო ბურჯანაძის მეუღლის, სასაზღვრო პოლიციის ყოფილი უფროსის ბადრი ბიწაძის მიერ შესაძლო შეიარაღებული დაჯგუფების შექმნის გეგმებზე, სიუჟეტი მიუძღვნა ასევე ”რუსთავი 2”-მა 10 მარტს თავის საინფორმაციო გადაცემაში.

”ეს იმის დასტურია, რომ საქმე გვაქვს დაგეგმილ კამპანიასთან,”- განაცხადა ბურჯანაძემ და დასძინა, რომ ბოლო მომენტამდე ”ამ აბსურდზე” რეაგირების მოხდენისგან თავს იკავებდა.

6 მარტს შსს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ”რუსთავი 2”-ის თოქ-შოუში საუბრისას განაცხადა, რომ მისი სამინისტრო არ დაუშვებს ქვეყანაში ”რამე სამხედრო, შეიარაღებულ დაპირისპირებას”, რომელსაც ”აღვკვეთავთ თავისივე ჩანასახში”.

მსგავსი/Related

Back to top button