ახალი ამბები

ბაღაფშს თბილისთან ურთიერთობების აწყობა ეკონომიკის მეშვეობით წარმოუდგენია

სეპარატისტული აფხაზეთის ლიდერი სერგეი ბაღაფში აცხადებს, რომ სანამ საქართველოს ხელისუფლების სათავეში პრეზიდენტი სააკაშვილია, ”პრობლემები” იარსებებს, თუმცა აქვე დასძენს, რომ არც მის შეცვლას არ ელის სოხუმი განსაკუთრებული იმედებით.

”ახლა იქ [თბილისში] გააქტიურდა ოპოზიცია, რომელიც მზადაა გაუშვას სააკაშვილი თანამდებობიდან, მაგრამ არც ამასთან დაკავშირებით გვაქვს განსაკუთრებული მოლოდინები,”- განაცხადა მან ”ნეზავისიმაია გაზეტაში” 6 მარტს გამოქვეყნებულ ინტერვიუში, ”როგორ შემიძლია მე ვენდო ნინო ბურჯანაძეს, თუ ის, როცა სპიკერი იყო, პირდებოდა თავისი ერთი შვილი გაეგზავნა სამხრეთ ოსეთთან ომში, მეორე კი აფხაზეთში?!”

მისი თქმით, ქართულ მხარესთან ურთიერთობების დარეგულირებას დრო სჭირდება და სოხუმს ამის ფორსირების სურვილი არ აქვს ომის და ”გაუთავებელი პროვოკაციების ფონზე, რომელიც გრძელდება”.

”მაგრამ ჩინეთის კედლის აგებას ჩვენ არ ვაპირებთ. როგორც კავკასიაში ამბობენ, მეზობელს ღმერთი გვიგზავნის, მათ არ ირჩევენ,”- განაგრძო ბაღაფშმა, ”ამიტომ საჭირო იქნება დროთა განმავლობაში, ნელ-ნელა ნორმალური, ცივილიზებული ურთიერთობების დამყარება, და არა ავტომატის სამიზნის ქვეშ. არსებობს ენერგეტიკა, რკინიგზა, ვაჭრობა. სწორედ ეკონომიკის მეშვეობით აეწყობა ეს ურთიერთობები”.

მისი თქმით, სიტუაციის მადესტაბილიზირებელი ფაქტორი ის არის, რომ არც საქართველო და არც დასავლური სახელმწიფოები არ აპირებენ აფხაზეთის ”სუვერენიტეტის” აღიარებას.

”მაშინაც კი თუ უცებ ჩვენ შემოგვთავაზებენ ადგილს გაეროში, ისევე როგორ ეს უკრაინას და ბელორუსს ჰქონდათ საბჭოთა კავშირის დროს, თუმცა დღეს სიტუაცია გაცილების სხვაა, ჩვენ საქართველოს შემადგენლობაში შესვლას არ დავთანხმდებით,”- განაცხადა მან, ”ჩვენი გზა  – დამოუკიდებლობაა”.

Back to top button