
ოჩამჩირეში მაღალი ხარისხის ნავთობი აღმოჩნდა – ბაღაფში
სეპარატისტული აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა განაცხადა, რომ ოჩამჩირეში საკმაოდ მაღალხარისხიანი ნავთობის მარაგი იქნა აღმოჩენილი.
”ოჩამჩირესთან ახლოს ჩვენ გავაკეთეთ ჭაბურღილი და იქ აღმოჩნდა ძალიან მაღალხარისხიანი ნავთობი,”- განაცხადა ბაღაფშმა ”ნეზავისიმაია გაზეტასთან” ინტერვიუში, რომელიც 6 მარტს გამოქვეყნდა.
”ამჟამად სპეციალისტები ადგენენ მის მარაგს, ითვლიან თვითღირებულებას და აწარმოებენ სხვა სამუშაოებს,”- აღნიშნა მან.
გაზეთი ასევე წერს, რომ ”შავი ოქრო” არსებობს ოჩამჩირის რაიონში როგორც შავი ზღვის შელფზე, ისე ხმელეთზე. ამავე ინფორმაციით, ეს საკითხი ბაღაფშმა სხვა პროექტებთან ერთად ”რუსეთის უმაღლეს პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან” დააყენა. ბაღაფში მოსკოვში ვიზიტის ფარგლებში 4 მარტს რუსეთის პრეზიდენტს დიმიტრი მედვედევს შეხვდა, სადაც მედვედევის თქმით, ”სერიოზულ” საკითხებზე უნდა ემსჯელათ.