
ნოღაიდელი სამხედრო შესყიდვებზე ინფორმაციის გამოქვეყნებას ითხოვს
ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი მოითხოვს ხელისუფლებამ გამოაქვეყნოს ინფორმაცია ბოლო 3-4 წლის განმავლობაში სამხედრო შეიარაღების შესყიდვებთან დაკავშირებით, რაზეც მისი თქმით, 2 მილიარდი აშშ დოლარია დახარჯული.
”გამოქვეყნდეს ყველა კონტრაქტის დეტალი იმისათვის, რომ ჩვენმა საზოგადოებამ იცოდეს რა შეიარაღება შევისყიდეთ ჩვენ, იმისათვის, რომ გავცეთ პასუხი, თუ რატომ არ იქნა გამოყენებული საბოლოო ჯამში ეს შეიარაღება იმ დროს, როდესაც ომი იყო საქართველოში,” – განაცხადა ნოღაიდელმა 27 თებერვალს, ”მე ასე ვფიქრობდი ჩემი პრემიერ-მინისტრობის დროს, როდესაც ამ დიდ ჩეკებს ხელს ვაწერდი, როგორ პრემიერი, რომ ეს იარაღი მოხმარდებოდა ქვეყნის ტერიტორიების დაცვას და ეს არ მოხდა… ამას სხვა არაფერი არ ჰქვია თუ არა ღალატი”.
ნოღაიდელის განცხადებით, სამხედრო შესყიდვებზე გადაწყვეტილებებს პრეზიდენტი სააკაშვილი ექსკლუზიურად იღებდა.
”შეიარაღების შესყიდვა ეს იყო საქმე, რომელიც პირადად მიხეილ სააკაშვილის მეთვალყურეობით, პირადად მის მიერ წყდებოდა,”- განაცხადა მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.