
ფიროსმანის ნახატი პრეზიდენტის რეზიდენციაშია გადატანილი – კულტურის სამინისტრო
კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო ადასტურებს ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმიდან ნიკო ფიროსმანის ნახატის – ”გიორგობა ბოლნისში” გადატანის ფაქტს, თუმცა უარყოფს ინფორმაციას, რომ ეს უნებართვოდ მოხდა.
სამინისტროს ინფორმაციით, ეს ფაქტი იურიდიულად არის გაფორმებული, კერძოდ, ნახატი ოფიციალურად გამოითხოვა პრეზიდენტის ადმინისტრაცის უფროსმა ეკა შარაშიძემ და მინისტრ ნიკა რურუას ბრძანებით მოხდა მისი გადაცემა. ნახატი ”მხოლოდ სამი თვით არის” გადატანილი ავლაბრის რეზიდენციაში იქამდე, სანამ მუზეუმის საგამოფენო დარბაზებში სარემონტო სამუშაოები დასრულდება.
”აღსანიშნავია, რომ არსებობს სხვადასხვა პრეცედენტები, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტებს თავიანთ ადმინისტრაციაში სახელგანთქმული შემოქმედების ნახატები აქვთ გამოფენილი,”- განუცხადეს სამინისტროში Civil.Ge-ს, ”პრეზიდენტის ადმინისტრაციას სტუმრობს ოფიციალური დელეგაციები სხვადასხვა ქვეყნიდან, რომელთაც საშუალება ექნებათ ნახონ ნიკო ფიროსმანის ეს უნიკალური ნამუშევარი და ისიამოვნონ ცნობილი ქართველი მხატვრის შედევრით”.
ეს განმარტებები მას შემდეგ გაკეთდა, რაც გაზეთმა ”ალიამ” 26 თებერვალს გამოაქვეყნა სტატია სათაურით -”სააკაშვილმა თავის დაცვას მუზეუმიდან ფიროსმანის ნახატი გაატაცებინა?!” გაზეთი მუზეუმის ანონიმურ თანამშრომელზე დაყრდნობით წერდა, რომ სურათი რამდენიმე დღის წინ ”სააკაშვილის პირადმა დაცვამ გაიტანა”.