
ახალი ამბები
მმართველი პარტიის დღის წესრიგში ლუსტრაციის კანონი არ დგას
მმართველი პარტიის დღის წესრიგში ამ ეტაპზე ლუსტრაციის კანონის მიღების საკითხი არ დგას, განაცხადა აკაკი მინაშვილმა, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნაციონალური მოძრაობიდან.
”ამ ეტაპზე ამ საკითხზე დისკუსია არ მიმდინარეობს, რადგან სხვა პრიორიტეტებია გამომდინარე ფინანსური კრიზისიდან და საგარეო სიტუაციიდან,”- განუცხადა მან Civil.ge-ს 25 თებერვალს.
”თავისუფლების ინსტიტუტში” მუშაობის პერიოდში მინაშვილმა წარმოადგინა ხედვა ლუსტრაციის საკითხთან დაკავშირებით, რომელიც მოუწოდებდა არა მხოლოდ საბჭოთა დროინდელი ჩინოვნიკების, არამედ თანამედროვე პოლიტიკოსების ლუსტრირებისკენ. ”ეს იყო ორი წლის წინ, დღეს კი სხვა პრიორიტეტებია,”- აღნიშნა დღეს მან.
ლუსტრაციის შესახებ კანონპროექტი პარლამენტმა 2007 წლის თებერვალში ჩააგდო.