ახალი ამბები

ვაშაძე: საქართველო ავღანეთში ძალების გაგზავნას გეგმავს

საქართველო ავღანეთში ას სამხედროს გააგზავნის ნატოს კონტინგენტის დასახმარებლად, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ 18 თებერვალს.

”საქართველომ მიიღო გადაწყვეტილება ავღანეთში გააგზავნოს ერთი ასეული. რადგან ეს ჩვენი წვლილი იქნება იმ ამოცანების გადაწყვეტაში, რის გადაწყვეტასაც ავღანეთში ალიანსი ცდილობს. ეს არის უპირველეს ყოვლისა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, ნარკოტრეფიკის წინააღმდეგ ბრძოლა და ა.შ.,” – განუცხადა მან ”რუსთავი 2”-ს და ”იმედს”.

2004 წელს ავღანეთში საქართველოს მე-16 სამთო ბატალიონის 50 ჯარისკაცი და ოფიცერი იყო განთავსებული 100 დღით გერმანულ ძალებთან ერთად. 2007 წლიდან საქართველო განიხილავს უფრო დიდი კონტინგენტის გაგზავნის საკითხს. ბოლოს ეს საკითხი საჯაროდ 2008 წლის მარტში წამოიჭრა, როდესაც მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ საქართველო 350 ჯარისკაცის გაგზავნას აპირებდა ავღანეთში 2008 წლის აგვისტოს ბოლოს. თუმცა, ეს არ შესრულებულა; უფრო მეტიც, საქართველოს აგვისტოში რუსეთთან ომის დროს 2 ათასი სამხედროს გამოწვევა მოუხდა ერაყიდან.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button