skip to content
ახალი ამბები

ნოღაიდელი საპარლამენტო რესპუბლიკის მომხრეა

ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ოპოზიციური მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი საპარლამენტო რესპუბლიკის მომხრეა, რადგან მისი თქმით, ”ბელადობის ეპოქა” უნდა დასრულდეს საქართველოში.

”სააკაშვილის წასვლით უნდა დამთავრდეს ბელადობის ეპოქა და ამის სანაცვლოდ უნდა იყოს ბევრი ლიდერი,”- განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ნოღაიდელმა, ”ამასთან, ასევე უნდა დამთავრდეს ეპოქა, როდესაც გადაწყვეტილება მიიღება ერთხმად ერთი ადამიანის და მისი გარემოცვის მიერ. უნდა დადგეს დრო კოლექტიური გადაწყვეტილებების მიღების”.

მისი თქმით, სახელმწიფოს მართვას პარლამენტის მიერ არჩეული კოალიციური მინისტრთა კაბინეტი უნდა ახორციელებდეს, პრეზიდენტს კი  მხოლოდ ”არბიტრის” ფუნქცია უნდა ჰქონდეს. 

მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ამ ეტაპზე პრეზიდენტის გადადგომაზე და ვადამდელ არჩევნებზე საზოგადოების ”შეკვეთა” არ არსებობს – სწორედ არ მიზეზით არ შეუერთდა მისი პოლიტიკური ძალა ოპოზიციურ დეკლარაციას. მან ასევე აღნიშნა, რომ ამავე მიზეზის გამო ასევე ნაადრევია წინასაარჩევნო ბლოკებზე საუბარი, თუმცა დასძინა, რომ მზადაა ითანამშრომლოს ოპოზიციურ ძალებთან. 

”თუ ჩვენ ვიქნებით აქტიურები, მაშინ ეს შეკვეთა რამდენიმე კვირასა და თვეში დადგება,”- განაცხადა ნოღაიდელმა, ”მაშინ პრეზიდენტ სააკაშვილს და მის გარემოცვას მოუწევს წასვლა და მე ვფიქრობ, რომ მაშინ ჩატარდება რიგგარეშე არჩევნები –  საპრეზიდენტო და საპარლამენტოც”.

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მისი მოძრაობა 13 თებერვალს ქობულეთიდან იწყებს საპროტესტო აქციებს მისი ”უკანონოდ დაპატიმრებული” თანამოაზრეების გათავისუფლების მოთხოვნით. ნოღაიდელმა განაცხადა, რომ რამდენიმე მეგობარი მასთან კავშირების გამო დაუპატიმრა ხელისუფლებამ.

”ქობულეთიდან დავიწყებთ აქციას, რომელიც ბოლოს და ბოლოს, ვიმედოვნებ, მიგვიყვანს ხელისუფლების შეცვლამდე,”- აღნიშნა მან.

კითხვაზე ხომ არ აპირებს ის პრეზიდენტად კენჭისყრას ვადამდელი არჩევნების შემთხვევაში, ნოღაიდელმა უპასუხა: ”ამას გადავწყვეტთ [პარტიაში] დემოკრატიული გზით. ჩვენ არ ვიცით ამჟამად ვის შეიძლება ქონდეს პრეტენზიები ამაზე [პრეზიდენტობაზე]”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button