
მოსკოვი სეპარატისტებთან ”საზღვრის” თაობაზე მოლაპარაკებებისთვის ემზადება
რუსეთი ემზადება სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციაზე მოლაპარაკებების დასაწყებად, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრე გოლოვინმა, რომელსაც ცოტა ხნის წინ დსთ-ს ქვეყნებთან, ასევე საქართველოსთან და მის სეპარატისტულ რეგიონებთან საზღვრების დადგენა დაევალა.
გაზეთ ”იზვესტიასთან” ინტერვიუში, რომელსაც 6 თებერვალს ”ინტერფაქსი” აშუქებს, გოლოვინი აცხადებს, რომ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან სახმელეთო საზღვრები დადგინდება საბჭოთა კავშირის დროს რუსეთისა და საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკებს შორის ამ მონაკვეთებზე არსებული ადმინისტრაციული საზღვრების მიხედვით.
”ახლა ჩვენი ამოცანაა დავაზუსტოთ მისი გავლება უკვე როგორც სახელმწიფო საზღვრისა რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკებს შორის,”- აღნიშნა გოლოვინმა.
რაც შეეხება საზღვაო საზღვარს, მისი თქმით, ამის თავიდან დადგენა გახდება საჭირო, რადგან საბჭოთა რესპუბლიკებს შორის საზღვაო საზღვრები არ იყო გავლებული.
”მე ვერ ვხედავ პრობლემას ამასთან დაკავშირებით აფხაზეთთან მოლაპარაკებებში,”- აღნიშნა მან.
გოლოვინის განცხადებით, დემარკაცია-დელიმიტაციის თაობაზე მოსკოვსა და თბილისს შორის მოლაპარაკებებში იმ სადაო მონაკვეთების დადგენა, რომელიც აფხაზეთის მიმართულებაზე არსებობდა, ამიერიდან სეპარატისტულ რეგიონთან დაგეგმილი მოლაპარაკებების თემა გახდება. მან ერთ-ერთ ასეთ მაგალითად სოფელი აიბგა დაასახელა.
მან ასევე აღნიშნა, რომ მოსკოვსა და თბილისს შორის საზღვრის დადგენაზე მოლაპარაკებები აგვისტოს ომის შემდეგ არ განახლებულა.
საქართველოს მხარემ მწვავედ გააპროტესტა რუსეთის ”ავანტიურისტული” გეგმები სეპარატისტებთან საზღვრების დადგენის თაობაზე.
”მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ევროპაში ხორციელდება სუვერენული სახელმწიფოს საზღვრების ძალადობრივი ცვლილება, რომელიც ძირს უთხრის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას მთელს რეგიონში,” – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 26 იანვარს.