ახალი ამბები

სასჯელაღსრულების მომავალი მინისტრი ოპოზიციასთან დიალოგის კოორდინირებასაც შეითავსებს

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ახალი სამინისტროს მომავალმა ხელმძღვანელმა დიმიტრი შაშკინმა განაცხადა, რომ მან პრეზიდენტისაგან დამატებით მიიღო დავალება კოორდინაცია გაუწიოს დემოკრატიული რეფორმების მეორე ტალღის განხორციელებას და აწარმოოს დიალოგი ოპოზიციასთან.

შაშკინმა, რომელიც ამჟამად საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) – საქართველოს რეგიონალური კოორდინატორია, განუცხადა ტელეკომპანია ”იმედს”, რომ ის ”მჭიდრო” ურთიერთობას აპირებს ”კონსტრუქციულად” განწყობილ ოპოზიციასთან.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ახალი მინისტრი შეძლებს ოპოზიციასთან დიალოგის წარმართვას, რადგან 4-5 წლის განმავლობაში შაშკინი სწორედ ამ მიმართულებით მუშაობდა IRI-ში.

“დღეს როცა ყველაზე კრიტიკულია მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისზე ჩვენი პასუხი და საქართველოს კონსოლიდაცია, პარტიებს შორის დიალოგი არის ძალიან მნიშვნელოვანი ზოგადად საზოგადოებას შორის დიალოგისთვის, ყველა პატარა ჯგუფს შორის, რადიკალებს შორის, ზომიერებს შორის, დიდი ჯგუფებს შორის და მათ შორის, ნაციონალურ მოძრაობას და დანარჩენ პარტიებს შორის დიალოგი და მუდმივი ურთიერთგაცვლა-გამოცვლა,”- განუცხადა სააკაშვილმა ჟურნალისტებს 2 თებერვალს.

”ვფიქრობ თუ ვინმე ამას შეძლებს, ალბათ არის შაშკინი ამათ შორის იმიტომ, რომ შაშკინი ყველა პარტიასთან თანაბარ დისტანციაზეა, ყველას იცნობს, მას ესმის მათი ენა,”- განაგრძო მან, ”მე ვფიქრობ, რომ ეს დაეხმარება მთავრობას სერიოზულად მოკიდოს ხელი და გააგრძელოს დემოკრატიული რეფორმების მეორე ტალღის განხორციელება”.

პრეზიდენტმა რეფორმების ახალი ტალღის დაწყების შესახებ სექტემბერში გამოცხადა, როცა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოვიდა. სააკაშვილის ანალოგიურ მოხსენებას პარლამენტი 12 თებერვალს მოუსმენს.

მთავრობას, ახალი პრემიერ-მინისტრის ნიკა გილაურის ხელმძღვანელობით, საკანონმდებლო ორგანო ნდობას 6 თებერვალს, საგაზაფხულო სესიის რიგგარეშე სხდომაზე გამოუცხადებს.

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა ქრისტიან-დემოკრატებიდან გიორგი თარგამაძემ განაცხადა, რომ უმცირესობა არ დაუჭერს მხარს მთავრობის შემადგენლობას, მიუხედავად იმისა, რომ ცალკეული მინისტრობის კანდიდატები, მათ შორის დიმიტრი შაშკინი ”მისაღებია” მათთვის.

Back to top button