ახალი ამბები

ეროვნული ფორუმი ოპოზიციას სააკაშვილის გადაყენების გეგმას სთავაზობს

ოპოზიციური პარტია ეროვნული ფორუმი, რომელიც სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით ოპოზიციურ დეკლარაციას არ შეუერთდა, ამ მიზნის მისაღწევად სამოქალაქო კომიტეტების შექმნის გზას ირჩევს და მხოლოდ ამის შემდეგ წაუყენებს პრეზიდენტს გადადგომის ულტიმატუმს.

”სააკაშვილს წარედგინება მიტაცებული პოსტის საკუთარი ნებით დატოვების ულტიმატუმი,”- განაცხადა ეროვნული ფორუმის ლიდერმა კახა შარტავამ დღევანდელ პრესკონფერენციაზე.

ულტიმატუმის შეუსრულებლობის შემთხვევაში, მისი თქმით, დაიწყება კონსტიტუციით გათვალისწინებული დაუმორჩილებლობის სხვადასხვა ტიპის აქციები, მათ შორის მანიფესტაციები, გაფიცვები, სახელმწიფო სტრუქტურების პიკეტირება.

”აქციებს ექნება ერთადერთი მიზანი – სააკაშვილის გადაყენება და დასრულდება ამ მიზნის მიღწევით,”- განაცხადა შარტავამ.

მისი თქმით, ამ გეგმის განხორციელება საზოგადოების აქტიურობის ხარისხზე იქნება დამოკიდებული.

”ამიტომ საქართველოს ყველა დიდ ქალაქსა და რაიონულ ცენტრში ვიწყებთ სამოქალაქო კომიტეტების შექმნას, რომელშიც ერთიანდებიან მოსახლეობისთვის ავტორიტეტული ადგილობრივი ლიდერები,”- განაცხადა მან და დასძინა, რომ კომიტეტები თავის მხრივ შექმნიან ჯგუფების ფართო ქსელს მოსახლეობის სისტემატური ინფორმირების, ადგილობრივი ორგანოების საქმიანობაზე კონტროლისა და საჭიროების შემთხვევაში, წინააღმდეგობის გაწევის მიზნით.

ეროვნულმა ფორუმმა მაშინ, როცა 29 იანვარს ხელი არ მოაწერა საერთო ოპოზიციურ დეკლარაციას, განაცხადა, რომ სააკაშვილის გადაყენების საკუთარ გეგმაზე მუშაობდა. ასევე ითქვა ისიც, რომ მათ ვერ მიიღეს გარანტიები დანარჩენი ოპოზიციისაგან, რომ ბიოკოტს გამოუცხადებდნენ შესაძლო საპარლამენტო არჩევნებს, თუ პრეზიდენტი მის დანიშვნას რიგგარეშედ გადაწყვეტდა.

Back to top button