ახალი ამბები

ახალ პრემიერ-მინისტრად ნიკა გილაური დასახელდა

ნიკა გილაური (მარცხნივ) და გრიგოლ მგალობლიშვილი (მარჯვნივ), 2008 წლის ნოემბერი. ფოტო: ინტერპრესნიუსი. 

პრეზიდენტმა სააკაშვილმა ახალ პრემიერ-მინისტრად ნიკა გილაური, მოქმედი ფინანსთა მინისტრი დაასახელა, მას შემდეგ, რაც გრიგოლ მგალობლიშვილი ჯანმრთელობის გაუარესების გამო თანამდებობიდან გადადგა.

პრეზიდენტის თქმით, ფინანსთა მინისტრის პოსტს გილაურის ამჟამინდელი მოადგილე კახა ბაინდურაშვილი დაიკავებს.

30 იანვარს მთავრობის სხდომაზე საუბრისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობაში სხვა ცვლილებები არ იგეგმება.

”ახლა ექსპერიმენტების დრო არ არის,” – განაცხადა სააკაშვილმა. ”ამ იძულებითი ცვლილების გარდა ჩვენ არ განვახორციელებთ არანაირ ცვლილებას. საქართველოს სჭირდება სტაბილურობა, სიმშვიდე და მუშაობა”.

მთავრობაში რამდენიმე წინასწარ დაგეგმილი ცვლილების განხორციელება თებერვლის დასაწყისში იგეგმება, რაც უკავშირდება ორი ახალი სამინისტროს – სასჯელაღსრულების და პრობაციის და ასევე რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის – უწყებების შექმნას. ამ უკანასკნელს დავით ტყეშელაშვილი უხელმძღვანელებს, რომელიც ამჟამად სახელმწიფო მინისტრია რეგიონალურ საკითხებში. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ეკა ზღულაძე, გავრცელებული ინფორმაციით,  სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს უხელმძღვანელებს.

ნიკა გილაური 2004 წელს, ”ვარდების რევოლუციის” შემდეგ დაკომპლექტებულ პირველ მთავრობაში ენერგეტიკის მინისტრი იყო, ხოლო 2007 წლიდან ფინანსთა მინისტრის პოსტზე დაინიშნა.

სააკაშვილმა შეაქო გილაურის წვლილი, როგორც მან განაცხადა, ”ენერგო სტაბილურობის უზრუნველყოფის” საქმეში ენერგეტიკის მინისტრის პოსტზე და ასევე მისი როლი მდგრადი ფინანსური სისტემის შექმნის საქმეში.  

მან ასევე სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ მგალობლიშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო თანამდებობის დატოვება მოუწია. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მგალობლიშვილს ერთი თვე მაინც დასჭირდება ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. 

მან ასევე განაცხადა, რომ მთავრობა არსებული ეკონომიკური კრიზისის პირობებში უნდა მუშაობდეს ”სამხედრო შტაბის რეჟიმში”.

სააკაშვილმა განუცხადა გილაურს, რომ მისი პირველი ამოცანა ახალ პოსტზე იქნება ”უფრო მოქნილი” სამედიცინო დაზღვევის სისტემის შემუშავება, რომელიც საშუალებას მისცემს სოციალურად დაუცველ მოსახლეობას ისარგებლონ სამედიცინო მომსახურებით.

სააკაშვილმა ასევე განუცხადა მთავრობას, რომ ”მუდმივი დიალოგი იქონიონ საზოგადოებასთან”.

”მე მინდა, თქვენ პარლამენტში განხილვების დროს იმიტომ, რომ განხილვები ფორმალური პროცედურაა, ისაუბროთ შემდგომ ნაბიჯებზე, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ ეკონომიკის კუთხით და მუდმივად ვუხსნათ საზოგადოებას რა კეთდება იმისათვის, რომ სამუშაო ადგილები გადარჩეს, მაქსიმალურად შენარჩუნდეს, ზიანი შეიზღუდოს და ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნას; რა კეთდება იმისათვის, რომ ქვეყანაში სტაბილურობა იქნას დაცული და გაძლიერებული, რა კეთდება საქართველოს მომავალი გაერთიანებისთვის,” – განაცხადა სააკაშვილმა. ”წინ ბევრი საფრთხეა, მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ თუ შევინარჩუნებთ სტაბილურობას, საქართველო შეძლებს ამ საფრთხეების გადალახვას”.

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გრიგოლ მგალობლიშვილმა 30 იანვარს გააკეთა განცხადება გადადგომის თაობაზე ჯანმრთელობის მდგომარეობის მოტივით.

მისი ეს ნაბიჯი მოულოდნელი არ ყოფილა. ქართული მედიით ვრცელდებოდა ვარაუდები მგალობლიშვილის შესაძლო გადადგომის თაობაზე მისი პრეზიდენტთან სავარაუდო დავის შემდეგ; პრესა ასევე აცხადებდა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა მისი გადადგომის საბაბი გახდებოდა.

 

Back to top button