skip to content
ახალი ამბები

ლავროვი მოსკოვში ბაღაფშს შეხვდა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი 29 იანვარს მოსკოვში აფხაზეთის ლიდერს სერგეი ბაღაფშს შეხვდა და ”სრულმასშტაბიანი სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობების ჩამოყალიბების” საკითხი განიხილა, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.  

ბაღაფშმა და ლავროვმა გაცვალეს შეხედულებები ორმხრივი შეთანხმებების მომზადებაზე, მათ შორის ”ისეთ პრიორიტეტულ სფეროში, როგორიც უსაფრთხოებაა,” – განაცხადა რუსეთის საგარეო უწყებამ.

რუსული მედია ცოტა ხნის წინ იტყობინებოდა, რომ რუსეთი აპირებს ოჩამჩირის პორტში სამხედრო გემების, ხოლო გუდაუთის აეროდრომზე სამხედრო თვითმფრინავების განთავსებას. აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ მოლაპარაკებები ამ საკითხზე მიმდინარეობს.

””საუბარია საზღვაო ბაზაზე ოჩამჩირეში, სადაც განხორციელდება რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სამხედრო გემების ბაზირება, და ასევე ყოფილი სადესანტო ძალების ბაზაზე გუდაუთაში,” – განუცხადა აფხაზეთის ლიდერის წარმომადგენელმა კრისტიან ბჟანიამ ”როიტერს” 29 იანვარს, ”ახლა მიდის მილაპარაკებები ამ შეთანხმების ხელმოწერაზე, სავარაუდოდ, მომდევნო რამდენიმე თვეში”.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლავროვმა და ბაღაფშმა ასევე ისაუბრეს გაეროს უშიშროების საბჭოში დაგეგმილ განხილვებზე ”რეგიონში გაეროს მისიის დარჩენის ახალი პარამეტრების შესახებ”.

გაეროს სადამკვირვებლო მისიის მანდატი 15 თებერვალს იწურება.

ოფიციალური თბილისი აცხადებს, რომ რუსეთმა შესაძლოა გაეროს მისიის გაგრძელებასაც დაადოს ვეტო ეუთოს მისიის მანდატის მსგავსად.

ისევე როგორც ეუთოს შემთხვევაში, რომელიც სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოწესრიგებაზე მუშაობდა, რუსეთი მოითხოვს დამოუკიდებელი გაეროს მისიის გახსნას აფხაზეთში, რომელიც არ იქნება კავშირში თბილისში განთავსებულ გაეროს სადამკვირვებლო მისიასთან.   

საერთაშორისო კრიზისების ჯგუფმა (ICG) 26 ნოემბერს გამოქვეყნებულ მოხსენებაში განაცხადა, რომ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა კერძო საუბრებში განუცხადეს დასავლელ დიპლომატებს, რომ მათი სურვილია, რომ გაეროს დამკვირვებლებმა ”რაიმე ფორმით განაგრძონ რეგიონში ყოფნა, რათა აფხაზები მარტონი არ დარჩნენ რუსეთის ჯარებთან”.

This post is also available in: English Русский

Back to top button