
სააკაშვილი ენგურჰესის გარიგებაზე საუბრობს
ენგურჰესის ერთობლივი მართვის თაობაზე რუსულ სახელმწიფო კომპანია ”ინტერ რაოსთან” გარიგება საქართველოს პრაგმატული ინტერესებით არის ნაკარნახევი, რადგან ”ჩვენი ამოცანაა მივიღოთ შემოსავალი და გვქონდეს დენი”, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა დღეს 1 არხის პირდაპირ ეთერში საუბრისას.
”დღეს რუსეთის სისტემა უფრო მეტადაა დამოკიდებული საქართველოზე, ვიდრე საქართველო რუსეთზე. მათ შეუძლიათ გათიშონ საქართველო, მაგრამ ამ შემთხვევაში უნდა გათიშონ მთელი რუსეთის სამხრეთი – სწორედ ამაშია დღეს თანამშრომლობის არსი,”- განაცხადა მან, ”მთავარი პრობლემა შეიქმნება მაშინ, როცა საქართველოში გაითიშება დენი – მაშინ ახდება ყველაზე უფრო ბნელი გეგმები ჩვენი მოწინაღმდეგის”.
მისი თქმით, ”ინტერ რაოსთან” ამჟამად კონტრაქტზე მიმდინარეობს მუშაობა. ”გარწმუნებთ, როგორც არ უნდა იხტუნაონ, მე არ დავუშვებ, რომ საქართველო ვინმემ ჩააბნელოს,”- განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, არასწორია იმაზე საუბარი, რომ ეს არის მტერთან კომერციულ გარიგებაში შესვლა.
”რაში გეპარებთ ეჭვი რომ სააკაშვილი რუსებს შეეკრა? … ამით კორუმპირებულ შემოსავალს ვიღებთ? აბა მაშინ რა მოტივაცია შეიძლება იყოს, რატომ შეიძლება ჩვენ გვეკამათებოდნენ რაც არის ელემენტარული, რომ ჩვენი ამოცანა არის განსხვავებით 1994 -95 წლებიდან, როცა საქართველოში იყო სამოქალაქო ომი, არ დაუშვათ ეკონომიკის ჩამოშლა, არ დაუშვათ ენერგეტიკის ჩამოშლა და აღმოვჩნდეთ უკეთეს მდგომარეობაში,”- განაცხადა მან.
თუმცა პრეზიდენტმა იმავდროულად აღნიშნა, რომ რუსეთი ”რა თქმა უნდა” გამოიყენებდა ენერგობერკეტს საქართველოს წინააღმდეგ და ”მუდმივი გამყინვარების პერიოდში შევიდოდით”, რუსეთის გაზზე რომ იყოს ქვეყანა დამოკიდებული. საქართველოს ბუნებრივი აირით ძირითადად აზერბაიჯანი ამარაგებს.