skip to content
ახალი ამბები

სააკაშვილი საერთაშორისო დამკვირვებლებზე საუბრობს

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 23 იანვარს განაცხადა, რომ ის მიესალმება კონფლიქტის ზონებში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობას და იმავდროულად, გაეროს ეგიდით აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში მოქმედი მონიტორები ”არაეფექტურობის” გამო გააკრიტიკა. 

”მივესალმები ევროკავშირის ყოფნას აქ, თუნდაც იმის გამო, რომ არ წერონ მერე გაზეთებში, რომ საქართველომ მოაწყო პროვოკაცია,”- განაცხადა მან საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში საუბრისას, ”ამაში რუსეთი ფულს იხდის და არა მარტო საქართველოში მუშაობს პრესაში ფული, არამედ მსოფლიოშიც მუშაობს”.

”რაც შეეხება ეუთოს და გაეროს, სამწუხაროდ, რუსეთს აქვს ვეტოს უფლება,”- განაგრძო მან, ”მაგრამ მე ჩემი თვალით ვნახე აგვისტოში ზუგდიდში  – მე მაშინ ჩავედი და მინდოდა გადასვლა კოდორში და ამ დროს რუსული ტანკები მოადგნენ ენგურს და იქ იყო გაეროს მისია და უთხრეს, რომ 20 წუთს გაძლევთ და დაახვიეთ აქედან, რომ ჩვენმა თვალმა არ გნახოთო და 10 წუთში გაიქცნენ იქიდან. იმდენად ჩქარა გაიქცნენ, რომ პრაქტიკულად ჩვენ აღმოვჩნდით ალყაში შემოსული რუსული კონტიგენტის პირობებში”.

”ჩემი თვალით, რომ არ მენახა რამდენად არაეფექტურია ეს მექანიზმი, ალბათ ძალიან გამოვეტირებოდი. მე მინდა, რომ ეს მექანიზმი დარჩეს, მაგრამ, სამწუხაროდ, ის არის ძალიან არაეფექტური,”- აღნიშნა მან.

სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში ეუთოს სადამკვირვებლო მისიის მანდატის გაგრძელებას რუსეთმა ვეტო დეკემბერში დაადო.  საქართველოში გაეროს სადამკვირვებლო მისიის მანდატის გაგრძელების საკითხი გაეროს უშიშროების საბჭოზე თებერვალში განიხილება, სადაც რუსეთი ასევე ვეტოს უფლებით სარგებლობს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button