
ოპოზიციური ალიანსი მიესალმება ერთიანობას სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნაზე
დაახლოებით ათ დღეში ოპოზიციური პარტიები ხელს მოაწერენ დეკლარაციას, რომლის მთავარი მოთხოვნა იქნება პრეზიდენტ სააკაშვილის თანამდებობიდან გადადგომა, განაცხადა ახალი მემარჯვენეებისა და რესპუბლიკელების ალიანსმა 16 იანვარს.
”ყველა ოპოზიციური ძალის საერთო მოთხოვნაა პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომა დაკავებული თანამდებობიდან, ამასთანავე უმოკლეს ვადებში სათანადო საარჩევნო გარემოს შექმნა, რათა ჩატარდეს სამართლიანი და თავისუფალი ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები,” – განაცხადა რესპუბლიკელების ლიდერმა დავით უსუფაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, ”ჩვენი ალიანსი დღეიდან თავის ძალისხმევას მიმართავს იქითკენ, რომ ამ თემაზე შედგეს რაც შეიძლება ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსი”.
უსუფაშვილის თქმით, კონსულტაციები გაგრძელდება და დეკლარაციას შეუერთდებიან არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიები, არამედ საზოგადოებრივი გაერთიანებები და მოქალაქეები.
ერთობლივ პრესკონფერენციაზე საუბრისას ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ განაცხადა, რომ პოლიტიკური კრიზისის დაძლევის ”აუცილებელი პირობაა” სააკაშვილის გადადგომა, რადგან ის ”არის ამ კრიზისის მთავარი წყარო და საფუძველი”.
მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ საერთო მოთხოვნებზე შეთანხმება არ ნიშნავს ერთიანი ოპოზიციური გაერთიანების ჩამოყალიბებას, რადგან საჭიროა ამ ხელისუფლებას ჰყავდეს ”რამოდენიმე დემოკრატიული ალტერნატივა”.
ახალი მემარჯვენეებმა და რესპუბლიკელებმა ალიანსის შექმნის შესახებ დეკემბრის დასაწყისში გააკეთეს განცხადება და სასურველ პოლიტიკურ პარტნიორად გაეროში საქართველოს ყოფილი ელჩი ირაკლი ალასანია დაასახელეს. თუმცა ოპოზიციაში გადასულმა ალასანიამ 24 დეკემბერს თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე პოტენციური პოლიტიკური პარტნიორების დასახელებისაგან თავი შეიკავა.
”სამწუხაროდ, გარკვეულწილად გაჭიანურდა მისი [ალასანიას] შემდგომი პოლიტიკური ნაბიჯები,”- განაცხადა დღევანდელ პრესკონფერენციაზე დავით გამყრელიძემ, ”მიუხედავად იმისა, რომ ირაკლიმ განაცხადა, რომ ის პარტიის ჩამოყალიბებას არ აპირებს, მას მაინც დასჭირდება ალბათ გამოკვეთოს ის გუნდი, ვისთან ერთადაც ის აპირებს პოლიტიკურ მოღვაწეობას”.
ახალი მემარჯვენეები და რესპუბლიკელები აცხადებენ, რომ ალასანია, რომელიც ამჟამად აშშ-ში იმყოფება, კვლავ მათ ”სასურველ პარტნიორად” რჩება.