ახალი ამბები

ოპოზიციურმა პარტიებმა სამი მოთხოვნა შეაჯერეს – ზურაბიშვილი

გადადგეს მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტის თანამდებობიდან; ჩატარდეს ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები; შეიქმნას სათანადო პირობები დამოუკიდებელი არჩევნებისთვის – ამ სამ მოთხოვნაზე 12 ოპოზიციური პარტია შეთანხმდა.

ოპოზიციური პარტიებს შორის გამართული კონსულტაციების პირველი ეტაპის ეს შედეგები დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს გზის ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა გამოაცხადა.

მისი თქმით, ამ სამ მოთხოვნას უერთდებიან: ახალი მემარჯვენეები და რესპუბლიკელები, გაერთიანებული ოპოზიცია: კონსერვატორები, ხალხის პარტია, მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის; ქალთა პარტია, ტრადიციონალისტები, დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო – ნინო ბურჯანაძის პარტია, ლეიბორისტები, მწვანეთა პარტია, მრეწველები და საქართველოს გზა.

ზურაბიშვილის განცხადებით, საკუთარ პოზიციას თავად გაახმოვანებს პარტია თავისუფლების ლიდერი კონსტანტინე გამსახურდია, რომელიც თბილისში ხვალ ბრუნდება.

”რაც შეეხება [ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ] ნოღაიდელის პარტიას, ეს არის ერთადერთი, რომელმაც უარი განაცხადა გაერთიანებაზე,”- განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, ოპოზიციურ სპექტრს შორის გრძელდება კონსულტაციები იმ პროცესებზე, რომელიც ”შემდეგ უნდა განვითარდეს”.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ საუბარი არის არა პარტიების გაერთიანებაზე, არამედ ”ერთიანი ფრონტის” შექმნაზე, რომელიც ”გადააყენებს ამ მთავრობას და პრეზიდენტს”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button