
პრემიერ-მინისტრი მისი ჯანმრთელობის საკითხთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს
გერმანიიდან დაბრუნებულმა პრემიერ-მინისტრმა გრიგოლ მგალობლიშვილმა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ წუხს ”თუ რა აჟიოტაჟი და მითქმა-მოთქმა გამოიწვია” მისი ჯანმრთელობის საკითხმა.
მთავრობის მიერ 31 დეკემბერს გავრცელებული განცხადების მიხედვით მგალობლიშვილი გერმანიაში სამედიცინო გამოკვლევისთვის გაემგზავრა. თუმცა პრესაში გაჩნდა ვარაუდები, რომ პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტთან უთანხმოების გამო დატოვა საქართველო. 9 იანვარს გაზეთი ”რეზონანსი” წერდა, რომ გადადგომის შესახებ განცხადება შესაძლოა მგალობლიშვილმა გერმანიიდან გააკეთოს.
”ვწუხვარ, რომ ჩემი მკურნალობა იმაზე მეტხანს გაგრძელდა, ვიდრე დაგეგმილი იყო. თუმცა გულახდილად მინდა ვთქვა, რომ იმაზე გაცილებით უფრო ვწუხვარ, თუ რა აჟიოტაჟი და მითქმა-მოთქმა გამოიწვია ჩემი ჯანმრთელობის საკითხმა ქართულ პრესაში,” – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, ”თავიდან, როდესაც რუსულ პრესაში წავიკითხე, პირველად გამეცინა, მაგრამ შემდეგ, თუ რა ენთუზიაზმით იქნა ატაცებული ეს თემა, ჯანმრთელობის თემა, რომელიც საკმაოდ პირადული საკითხია, პრესისა და ზოგიერთი პოლიტიკოსის მიერ, ჩემთვის ნამდვილად არ არის სასაცილო”.
პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მთავრობა განაგრძობს მუშაობას და ”ზუსტად იგივე ამოცანები რჩება ჩვენს წინაშე, პირველ რიგში – შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები ამ ძალზე რთულ პერიოდში და გავაკეთოთ ყველაფერი, რათა მოვახერხოთ ქართული ეკონომიკის ამ მძიმე კრიზისიდან გამოყვანა”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)