
პრემიერ-მინისტრი სამედიცინო გამოკვლევის შემდეგ სამსახურს უბრუნდება
პრემიერ-მინისტრი გრიგოლ მგალობლიშვილი დაბრუნდა საქართველოში და 12 იანვარს მთავრობის სხდომას წარუძღვება.
მთავრობის მიერ 31 დეკემბერს გავრცელებული განცხადების მიხედვით, მგალობლიშვილი გერმანიაში სამედიცინო გამოკვლევისთვის გაემგზავრა, რადგანაც ”საერთო გადაღლილობის” ფონზე, მას გამოეკვეთა მკვეთრი რენალური [თირკმლის] გართულებები. თუმცა პრესაში გაჩნდა ვარაუდები, რომ პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტთან უთანხმოების გამო დატოვა საქართველო და თანამდებობის დატოვებასაც გეგმავდა.
თბილისის მერმა გიგი უგულავამ განაცხადა, რომ ამგვარი ვარაუდები ”გაუგებარი და ამაზრზენია”.
11 იანვარს საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოველკვირეულ გადაცემაში ”პოლიტიკური კვირა” საუბრისას, უგულავამ განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრი კარგად არ გრძნობდა თავს და მან სამედიცინო მკურნალობა ჩაიტარა გერმანიაში. ”ეს არის ფაქტი, ხოლო ყველაფერი დანარჩენი ჭორებია”, – განაცხადა მან.
”ამჟამად მგალობლიშვილი თბილისში იმყოფება და ხვალ ის მთავრობის სხდომას ჩაატარებს, ასე რომ ის თავად ისაუბრებს საკუთარ ჯანმრთელობასა და პოლიტიკურ მომავალზე,” – დასძინა უგულავამ.