ახალი ამბები

SOCAR-ი 22 გაზგამანაწილებელი კომპანიის მფლობელი გახდა

კომპანია SOCAR GEORGIA GAS-ს 22 გაზგამანაწილებელი კომპანია გადაეცა. შესაბამის ხელშეკრულებას 26 დეკემბერს ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ლაშა ჟვანიამ და კომპანიის გენერალურმა დირექტორმა დავით ზუბიტაშვილმა მოაწერეს ხელი. ხელმოწერის ცერემონიას ასევე ესწრებოდა  აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის (SOCAR ) პრეზიდენტი როვნაგ  აბდულაევი. 

SOCAR GEORGIA GAS-ი აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის მიერ დაფუძნებული შპს SOCAR ENERGY GEORGIA- ს შვილობილი კომპანიაა.

კომპანიას მცხეთა-მთიანეთში, კახეთში, იმერეთში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, სამეგრელოში, გურიასა და აჭარაში არსებული  გაზგამანაწილებელი კომპანიები გადაეცა. ხელშეკრულების მიხედვით კომპანია ვალდებულებას იღებს სამი წლის განმავლობაში 40 მლნ დოლარის ინვესტიცია და 150 ათასი აბონენტის გამრიცხველიანება განახორციელოს, თუმცა კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, ისინი მზად არიან 300 ათასი აბონენტი უზუნველყონ ბუნებრივი აირით.

ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ ინტერესთა გამოხატვა გაზგამანაწილებელ კომპანიებზე რამდენიმე თვის წინ გამოაცხადა. ამ ხნის განმავლობაში დაინტერესება ორმა კომპანიამ და ერთმა იურიდიულმა პირმა გამოხატა, თუმცა წარმოდგენილი პირობების მიხედვით, მისაღები მხოლოდ SOCAR-ი აღმოჩნდა.

ეკონომიკური განვითარების სამინისტროს პრივატიზაციის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით კომპანიების საწყისი ფასი კახეთის რეგიონში – 1 700 000 დოლარს, მცხეთა-მთიანეთის, შიდა-ქვემო ქართლის რეგიონები – 3 000 000 დოლარს, იმერეთის რეგიონი – 1 300 000 დოლარს, სამეგრელო-გურიის რეგიონი – 2 000 000 დოლარს და აჭარის რეგიონი – 2 000 000 დოლარს შეადგენდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button