ახალი ამბები

სააკაშვილი მედვედევის განცხადებაზე კომენტარს აკეთებს

 პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა 25 დეკემბერს, რომ მისი რუსი კოლეგის დიმიტრი მედვედევის განცხადება იყო ”აღიარება” რუსული აგრესიისა საქართველოს წინააღმდეგ.

სააკაშვილმა მედვედევის მიერ 24 დეკემბერს გაკეთებულ განცხადებას გულისხმობდა, რომლის მიხედვითაც მოსკოვი საპასუხო ზომებისთვის ემზადებოდა, რადგანაც რუსეთი ეჭვობდა, რომ საქართველო სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ თავდასხმას ამზადებდა. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა მედვედევის განცხადებას ”აღიარებითი ჩვენება” უწოდეს.

”რუსეთის პრეზიდენტის კომენტარის შემდეგ, თუ კი ვინმეს რამეზე ეჭვი ეპარებოდა მსოფლიოში, რუსეთში ან თუნდაც ჩვენს ქვეყანაში, თუ კი ვინმეს რაიმე კითხვა ჰქონდა კიდევ იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა აგვისტოში, აიღო ამ ადამიანმა და ერთმნიშვნელოვნად გასცა ამას პასუხი,”- განუცხადა სააკაშვილმა ჟურნალისტებს. ”მე ბევრს ვფიქრობდი ამ ოთხი თვის თავზე ამ ომის შემდეგ, ამ აგრესიის შემდეგ, რას უკავშირდება ასეთი ღია აღიარება მათი აგრესიის, ამ აგრესიის მომზადების და ამ აგრესიის განხორციელების. მე ვფიქრობ და ეს მაწუხებს იმდენად, რამდენადაც ჩვენ გვეხება, რომ რუსეთში არის ახლა სეიოზული ეკონომიკური კრიზისი, არის სერიოზული სოციალური გამოსვლები, შიდა სერიოზული დაძაბულობა და პოლიტიკური ბრძოლა და ეს აღიარება, ახალი მუქარები, ემსახურება სწორედ ყველაფერ ამიდან ყურადღების გადატანას”. 

”რა უნდა ვქნათ ჩვენ ამ სიტუაციაში,” – განაგრძო მან. ”კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ ჩვენი გაერთიანებისკენ და მშვიდობისკენ მიმავალი გზა გადის დღეს საქართველოს შიდა გაძლიერებაზე. ეს ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმ პირობებში, როდესაც რუსეთში და დანარჩენ მსოფლიოშიც მძვინვარებს კრიზისი, რომ გადავარჩინოთ ქართული ეკონომიკა, შევინარჩუნოთ ჩვენი ეკონომიკა, შევინარჩუნოთ და განვავითაროთ საქართველოს სტაბილურობა, გავძლიერდეთ და ყველაფერი იქნება კარგად.”

ზოგიერთმა ოპოზიციურმა პოლიტიკოსმა დააკნინა რუსეთის პრეზიდენტის განცხადება. საქართველოს გზის ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ამ განცხადებაზე აჟიოტაჟის ატეხვა საქართველოს ხელისუფლების მიერ არსებული პრობლემებიდან ყურადღების გადატანის მცდელობაა.

”იგი [მედვედევი] ამბობს, რომ ვიცოდი, რომ სააკაშვილი ომისთვის ემზადებოდაო და მეც ვემზადებოდი ომისთვისო,” – განუცხადა რესპუბლიკელების ლიდერმა დავით უსუფაშვილმა ”რუსთავი 2”-ს. ”არა მგონია ამაში რაიმე სიახლე იყოს. ჩვენ ვიცით, რომ ორი ავტორიტარი პრეზიდენტი ძალიან სერიოზული ნაბიჯებით მიაქანებდა ორ ქვეყანას შეიარაღებული კონფლიქტისკენ”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button