
პრეზიდენტი პატრიარქის ღვაწლზე საუბრობს
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ღვაწლზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ილია ჭავჭავაძის შემდეგ ამდენი არავის არ გაუკეთებია ქართველი ერისთვის.
”მე მიმაჩნია, რომ ილია ჭავჭავაძის შემდეგ ამდენი არავის არ გაუკეთებია ქართველთა და ჩვენი ერის მთლიანად, მრავალეთნიკური ქართველთა ერის სულიერი შეკავშირებითვის, იდენტურობის გასაღვივებლად, ჩვენი სიძლიერის და ჩვენი ერთიანობის შესადუღებლად, როგორც ეს გააკეთა მისმა უწმინდესობამ”, – განაცხადა პრეზიდენტმა კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრების 31 წლისთავთან დაკავშირებით ჩატარებული წირვის შემდეგ.
”70-იან წლებში, როცა საქართველოში ეროვნული სული კვდებოდა, როცა ქართულ ენას ართმევდნენ სახელმწიფო ენის სტატუსს…იმედის ნაპერწკალი გაჩნდა სიონის ეკლესიაში, სიონის ტაძარში და იქიდან მოედო დანარჩენ საქართველოს”.
1977 წლის 25 დეკემბერს ილია II სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აკურთხეს.