skip to content
ახალი ამბები

საქართველო და აშშ ”სტრატეგიული პარტნიორობის” ამოქმედებაზე ფიქრობენ

საქართველო და ამერიკის შეერთებული შტატები მუშაობენ იმაზე, თუ როგორ ასახონ ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობა რეალურ ქმედებებში, განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწემ მეთიუ ბრაიზამ 16 დეკემბერს თბილისში.

დეპუტატმა მმართველი პარტიიდან გივი თარგამაძემ განაცხადა მანამდე, რომ უკვე არსებობს ყოვლისმომცველი ორმხრივი ხელშეკრულების პროექტი, რომელიც ასევე მოიცავს სამხედრო თანამშრომლობას.

თბილისში პრესკონფერენციაზე საუბრისას მეთიუ ბრაიზამ განაცხადა, რომ ”არანაირი ხელშეკრულება არ არსებობს”. თუმცა, მან იქვე დასძინა: ”ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოსთან იმ გზებზე, თუ როგორ გავაძლიეროთ ჩვენი თანამშრომლობა სტრატეგიული პარტნიორობის ფორმით”.

”ის, რაზეც დეტალურად ვისაუბრეთ [საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან], არის აშშ-საქართველოს თანამშრომლობა უსაფრთხოების და სტრატეგიულ პარტნიორობაზე,” – განაცხადა მან. ”ჩვენ კვლავ ვმუშაობთ იმაზე, თუ როგორ ავსახოთ ეს მშვენიერი სიტყვები – სტრატეგიული პარტნიორობა – ჩვენს რეალურ ქმედებებში, რეალურ ცხოვრებაში”.

მისი თქმით, მთავარი მიზანია საქართველოს დახმარება ნატოს წევრობისთვის საჭირო კრიტერიუმების შესრულებაში.

”ჩვენ ვმუშაობთ მრავალმხრივ ჩარჩოში ნატოს შიგნით, ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში და ჩვენ ვმუშაობთ ორმხრივად, რადგანაც ჩვენ ვქმნით ახალ სტრატეგიულ პარტნიორობას საქართველოსთან, რათა დავეხმაროთ ნატოს მოთხოვნების შესრულებაში სამხედრო-უსაფრთხოების და ასევე დემოკრატიული რეფორმების კუთხით,” – განაცხადა მან.

”ამის გარდა დეტალებზე ვერ ვისაუბრებდი, რადგანაც ჩვენ კვლავაც ვამუშავებთ ჩვენს იდეებს,” – დასძინა ბრაიზამ.

”საგრძნობი დაძაბულობა”

აშშ-ს ხელისუფლების წარმომადგენელმა ასევე განაცხადა პრესკონფერენციაზე, რომ ამჟამად ”საგრძნობი დაძაბულობაა” სეპარატისტულ რეგიონებთან ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ და დასძინა, რომ რთულია იმის პროგნოზირება, თუ რა მოხდება პროვოკაციების გაგრძელების შემთხვევაში.

”თუ შეხედავთ იმ საფრთხეებს, რომელსაც ოსი მებრძოლები უქმნიან ევროკავშირის დამკვირვებლებს, თუ შეხედავთ ოსების მიერ ეუთოს დამკვირვებლებისთვის ცეცხლის გახსნას და თუ შეხედავთ იმ საშინელ ინციდენტებს,რომელსაც ადგილი აქვს დასავლეთ საქართველოში აფხაზეთის მხრიდან, სნაიპერების მიერ ორი ქართველი პოლიციელის მოკვლის ჩათვლით – ეს აბსოლუტურად მიუღებელია,” – განაცხადა ბრაიზამ.

”ეს თავდასხმები ხდება იმ ტერიტორიიდან, რომელსაც რუსული სამხედრო ძალები აკონტროლებენ; ამრიგად რუსეთს აკისრია პასუხისმგებლობა დაასრულოს ეს თავდასხმები მშვიდობიან დამკვირვებლებზე,” – განაცხადა მან. ”თუ ეს სახიფათო პროვოკაციები კვლავ გაგრძელდება, ძნელია იმის პროგნოზირება, თუ რა მოხდება; სხვა რომ არაფერი, ბოლოს და ბოლოს ეს ხომ კავკასიაა და ცუდი რამეები ზოგჯერ ხდება”.

ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ ინციდენტების აღკვეთის მექანიზმების შემუშავება იქნება 17-18 დეკემბერს ჟენევაში დაგეგმილი მოლაპარაკებების მესამე რაუნდის მთავარი საკითხი. 

ბრაიზამ განაცხადა, რომ ვაშინგტონს სურს, რომ ”თითოეული ნაბიჯი, რომელსაც ჩვენ გადავდგამთ მოლაპარაკებების პროცესში დაგვაახლოვოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან, სტაბილურობის უზრუნველყოფასთან და სამხედრო დაძაბულობის დონის შემცირებასთან, ასევე დევნილთა ღირსეულ და უსაფრთხო პირობებში დაბრუნებასთან”.

”მედიის თავისუფლების სრულად აღდგენა” 

ბრაიზამ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრაზე მან ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების განხორციელების საკითხი განიხილა.

მისი თქმით, ვაშინგტონი მიესალმება საქართველოს ხელისუფლების გეგმებს დემოკრატიული რეფორმების ახალი ტალღის შესახებ, მათ შორის მედიის თავისუფლების კუთხით.

”ჩვენ გვინდა ვიხილოთ, იმედი გვაქვს ვიხილავთ, რომ ეს გეგმები განხორციელდება და იმ დონეზე, როცა ყველა თქვენგანი – ჟურნალისტები აქ საქართველოში – დაეთანხმებით, რომ მედიის თავისუფლება სრულად აღდგა და რომ თქვენ გრძნობთ ძლიერ იმპულსს, რომ დემოკრატიული რეფორმა განახლდა,” – განაცხადა ბრაიზამ. ”სამართლიანი რომ ვიყო, უნდა ვაღიაროთ ის შთამბეჭდავი პროგრესი, რომელსაც საქართველომ მიაღწია 2003 წლის ნოემბრის შემდეგ და ასევე უნდა ვაღიაროთ, რომ ჯერ კიდევ უზარმაზარი სამუშაოა ჩასატარებელი”.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button