skip to content
ახალი ამბები

საარჩევნო კოდექსი გაზაფხულზე შეიცვლება – ბაქრაძე

ვაშინგტონში ვიზიტად მყოფი პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე მიანიშნებს, რომ საარჩევნო კოდექსის შეცვლა, რაც გაზაფხულზე იგეგმება, მიზნად ისახავს მორიგი და არა ვადამდელი არჩევნებისათვის მზადებას.

”საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციები ყოველთვის იყო, რომ კოდექსში ცვლილებები შეტანილიყო რამდენიმე წლით ადრე, ვიდრე არჩევნები ჩატარდებოდა,”- განუცხადა ბაქრაძემ ქართულ ტელეკომპანიებს, ”მე ვფიქრობ ახლა არის ისეთი პერიოდი, როდესაც ჩვენ გაზაფხულზე შევცვლით კოდექსს და მომავალ არჩევნებამდე დარჩენილი ვადა საშუალებას მოგვცემს, რომ შესაბამისად შეიცვალოს ყველა ის ფორმა, რომელიც გამომდინარეობს ახალი კოდექსიდან”.

11 დეკემბერს ბიზნესმენებთან შეხვედრაზე პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ არსებული ეკონომიკური კრიზისის ფონზე ხელისუფლება წინააღმდეგია ვადამდელი არჩევნების დანიშვნის, რასაც პარლამენტს გარეთ დარჩენილი ოპოზიციური ძალების უმრავლესობა მოითხოვს.

ოპოზიცია ვადამდელი არჩევნების ჩატარებამდე ასევე მოითხოვს საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლას.

ამ მიზნით უახლოეს მომავალში შეიქმნება სპეციალური ჯგუფი, მათ შორის არასაპარლამენტო პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეოობით, რომელიც ახალი საარჩევნო კოდექსის შექმნაზე დაიწყებს მუშაობას. ეს ინიციატივა ბაქრაძემ აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში გაახმოვანა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button