
პუტინი: საქართველოს ხელისუფლებამ დარტყმა საკუთარ ხალხს და სახელმწიფოებრიობას მიაყენა
აგვისტოში ცხინვალის რეგიონში განხორციელებული აგრესიით საქართველოს ხელისუფლებამ დარტყმა მიაყენა ქართველ ხალხსაც, რის გამოც საქართველოს მოსახლეობა თავად დააკისრებს პასუხისმგებლობას ”პოლიტიკოსებს”, განაცხადა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა 4 დეკემბერს.
”ეს დანაშაულია არა მხოლოდ რუსეთის და მისი მოქალაქეების, ოსი ერის წინააღმდეგ, ეს დანაშაულია, მათ შორის ქართველი ხალხის და ქართული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ. საქართველოზე მიყენებულია საშინელი დარტყმა, მის ტერიტორიულ მთლიანობაზე,”- განაცხადა პუტინმა პირდაპირ ეთერში ტელე-პრესკონფერენციაზე საუბრისას.
”ამასთან დაკავშირებით, ვფიქრობ, რომ ქართველი ხალხი თავად მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ რა პასუხი უნდა აგონ იმ პოლიტიკოსებმა, რომლებმაც მიიყვანეს საქმე ასეთ მძიმე და დრამატულ შედეგებამდე,”- აღნიშნა მან.
მან ეს განცხადება გააკეთა ერთ-ერთი მოქალაქის სატელეფონო შეკითხვის – ”მართალია, რომ სააკაშვილს ერთი ადგილით უპირებდით დაკიდებას?” – საპასუხოდ.
”რატომ ერთით?”- იყო რუსეთის პრემიერ-მინისტრის ირონიული პასუხი, ”სერიოზულად რომ ვილაპარაკო, ჩვენ ვიცით ერაყში მომხდარი ტრაგიკული მოვლენები, სადაც ამერიკული ძალები შევიდნენ გამოგონილი საბაბით მასობრივი განადგურების იარაღის საძებნელად. იარაღი ვერ აღმოაჩინეს, სახელმწიფოს მეთაური [სადამ ჰუსეინი] კი ჩამოახრჩვეს, თან უკვე სხვა საფუძვლით, რამდენიმე შიიტური სოფლის წინააღმდეგ ანგარიშსწორების გამო. მაგრამ საქართველოს დღევანდელმა ხელმძღვანელობამ მოაწყო სისხლიანი აბანო და ანგარიშსწორება მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ…”.
მისი თქმით, ”ეს აგრესია რომ არ ყოფილიყო, რუსეთი ალბათ კვლავაც გააგრძელებდა მცდელობას საქართველოს ტერიტორიული გამთლიანებისთვის პირობების შესაქმნელად”.
”უბრალოდ, ამ აგრესიის შემდეგ აშკარა გახდა, რომ ეს უკვე შეუძლებელია და საჭირო გახდა ისეთი ზომების მიღება, რომელიც ამ რეგიონში სისხლისღვრას აგვაცილებდა თავიდან მომავალში,”- აღნიშნა მან, გულისხმობდა რა საქართველოს სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარებას.
პუტინმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი ”რეგიონიდან წასვლას არსად არ აპირებს” და ამის გარანტიაა სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან მეგობრობისა და ურთიერთდახმარების შესახებ ხელმოწერილი შეთანხმებები.
”ამ სახელმწიფოების [სეპარატისტული სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი] მოქალაქეების სურვილის მიხედვით ჩვენ მზად ვიქნებით შეძლებისდაგვარად ნებისმიერი სახით მათ დასახმარებლად,”- აღნიშნა პუტინმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)