
ახალი ამბები
ერაყიდან ბოლო ქართველი ჯარისკაცები ბრუნდებიან
ერაყიდან საქართველოს შეიარაღებული ძალების პირველი ქვეითი ბრიგადის 28 სამხედრო მოსამსახურე დაბრუნდა, იტყობინება 1 დეკემბერს საქართველოს თავდაცვის უწყება.
ამავე ცნობით, უზრუნველყოფის ოცეული ერაყში ტვირთის აღრიცხვასა და ტრანსპორტირების მომზადებაზე მუშაობდა. ამ დროისთვის ერაყში კიდევ რჩება 6 ქართველი ჯარისკაცი, რომელიც უახლოეს პერიოდში დაბრუნდება საქართველოში.
ძირითადი ქართული ძალები ერაყიდან აგვისტოს კონფლიქტის დღეებში სასწრაფო წესით იქნენ გამოყვანილი. ომის დაწყებისას შეიარაღებული ძალების პირველი ქვეითი ბრიგადა, დაახლოებით 2 ათასი კაცის შემადგენლობით, ერაყში სამშვიდობო მისიით იმყოფებოდა.
2003 წლის აგვისტოდან ქართული ძალების ერაყში განთავსების შემდეგ სულ 21 ქართველი სამხედრო დაშავდა ან გარდაიცვალა.