
პროკურატურამ კიწმარიშვილის განცხადებების შესწავლა დაიწყო
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 28 ნოემბერს განაცხადა, რომ საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარის პაატა დავითაიას მიმართვის საფუძველზე დაიწყო იმ ფაქტების შესწავლა, რომლებზეც რუსეთში საქართველოს ყოფილმა ელჩმა ეროსი კიწმარიშვილმა კომისიის 25 ნოემბრის სხდომაზე ისაუბრა.
”27 ნოემბერს, საქართველოს მთავარ პროკურატურას წერილობითი თხოვნით მიმართა რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მიზნით განხორციელებული სამხედრო აგრესიის და სხვა ქმედებების შემსწავლელი საპარლამენტო დროებითი კომისიის თავმჯდომარე პაატა დავითაიამ, დაიწყოს გამოძიება იმ კონკრეტულ ფაქტებზე, რომელთა შესახებ საუბარი იყო მიმდინარე წლის 25 ნოემბრის კომისიის სხდომაზე,”- ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში, ”აღნიშნული მიმართვის საფუძველზე, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დაიწყო წერილში მითითებული ფაქტების შესწავლა”.
25 ნოემბრის კომისიის სხდომაზე დავითაიამ ასევე განაცხადა, რომ ის საგამოძიებო ორგანოებს მიმართავდა თხოვნით ეროსი კიწმარიშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საქმის აღძვრაზე სამსახურეობრივი გულგრილობის მუხლით, რადგან იგი კომისიის სხდომაზე გაჟღერებულ ინფორმაციებს არ აწვდიდა ელჩობის დროს საგარეო საქმეთა სამინისტროს.