ახალი ამბები

კიწმარიშვილი ეჭვობს, რომ საქართველოს ომის წინ ისრაელიდან სამხედრო ტვირთი ჩამოჰქონდა

საქართველოს ყოფილმა ელჩმა რუსეთში ეროსი კიწმარიშვილმა მორიგი განცხადება გააკეთა  ხელისუფლების წინააღმდეგ იმასთან დაკავშირებით, რომ აგვისტოს ომის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ხელისუფლებამ ზეწოლა მოახდინა ავიაკომპანია ”ჯორჯიან ეარვეისზე” (ყოფილი ”აირზენა”), რათა სამოქალაქო თვითმფრინავით ისრაელიდან, მისი ვარაუდით, იარაღი ჩამოეტანა.

კიწმარიშვილმა ამის შესახებ სახალხო დამცველის ოფისში 28 ნოემბერს ოპოზიციის ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ უცხოელი დიპლომატები.

მისი ინფორმაციით, მას შემდეგ რაც ავიაკომპანიამ ისრაელიდან ”არაგაბარიტული ტვირთის” წამოღებაზე უარი განაცხადა, შსს-მ ”ჯორჯიან ეარვეისის” ორი ვიცე-პრეზიდენტი დააკავა და მოგვიანებით იმ პირობით გაათავისუფლა, რომ ტვირთი იქნებოდა გადმოტანილი. კიწმარიშვილმა განაცხადა, რომ ის უშუალოდ იყო ჩართული ამ საკითხზე მოლაპარაკებებში ავიაკომპანიის პრეზიდენტის თამაზ გაიაშვილის თხოვნით.

”მე ამის შესახებ მესიჯით რამდენჯერმე ვეურთიერთე ვანო მერაბიშვილს,” – განაცხადა კიწმარიშვილმა და დასძინა, რომ წარმოდგენა არ ჰქონდა, თუ რა სახის ტვირთზე იყო საუბარი.

მან მოუწოდა აგვისტოს მოვლენების შემსწავლელ დროებით კომისიას ამ ფაქტით დაინტერესებისაკენ იმ ფონზე, როცა პრესა ღიად საუბრობს იმის თაობაზე, რომ ”ისრაელში ხდებოდა ინტენსიურად, რაზეც მე ინფორმაციას არ ვფლობდი, იარაღის შესყიდვა”.

მოგვიანებით, კიწმარიაშვილის ეს განცხადება უარყო ”აირზენამ”. კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა განაცხადა, რომ კომპანია სამოქალაქო რეისებს ”ბოინგ 737” ტიპის თვითმფრინავით ახორციელებს, რომლის საბარგულში ”იარაღი და შეიარაღება ვერანაირად ვერ ჩაეტეოდა”.

”ჩვენ ავიაკომპანიას ისრაელიდან თბილისში სამხედრო ტვირთების ჩამოსატანად არანაირი ჩარტერული რეისი არ განუხორციელებია,”- განაცხადა ნინო გიორგობიანმა.

თუმცა მან აღიარა ავიაკომპანიის დაკითხვაზე დაბარების ფაქტი, მაგრამ მისი თქმით ესენი არ ყოფილან ვიცე-პრეზიდენტები.

”მსგავსი ფაქტი ივლისში მოხდა,”- აღნიშნა გიორგობიანმა, ”თუმცა აქ საუბარი ეხებოდა იმ ტვირთებს, რომლებსაც ჩამოტანის დროს შეფუთვა დარღვეული ჰქონდა”.

Back to top button