Placeholder canvas
ახალი ამბები

გრიგოლ ვაშაძემ აგვისტოს ომის შემსწავლელ დროებით კომისიას ჩვენება მისცა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ გრიგოლ ვაშაძემ, რომელიც ამჟამად კულტურის მინისტრია, აგვისტოს ომის შემსწავლელ დროებით საპარლამენტო კომისიას 27 ნოემბერს ჩვენება მისცა. მან ასევე პასუხი გასცა რუსეთში საქართველოს ყოფილი ელჩის ეროსი კიწმარიშვილის განცხადებებს და აღნიშმა, რომ მას არც ინფორმაცია და არც უფლება გააჩნია იმისა ილაპარაკოს, თუ რას გეგმავდა საქართველოს ხელისუფლება.

ქვემოთ მოცემულია გრიგოლ ვაშაძის ჩვენების ძირითადი პუნქტები: 

  • არასოდეს არც ერთ თათბირში და დამიჯერეთ ყველას მონაწილე ვიყავი მე, არასოდეს იმ თათბირზე, სადაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა ყოფილიყო მიღებული, ან ჩვენ უნდა მოგვეფიქრებინა სამშვიდობო ინიციატივა, ან გვეპასუხა რომელიმე რუსულ პოლიტიკური ან სამხედრო ნაბიჯისთვის, ბატონ ეროსი კიწმარიშვილს მონაწილეობა არ მიუღია; ამიტომ მას არავითარი ინფორმაცია, უფლება და ფაქტები არ აქვს ილაპარაკოს რას გეგმავდა და რას აპირებდა საქართველოს ხელისუფლება;
  • კიწმარიშვილის კონტაქტები მოსკოვში შემოიფარგლებოდა იმ ხალხით, რომელიც ოდესღაც იყო მთავრობაში;
  • არასოდეს მას არ ჰქონია შეხვედრა რუსეთის ხელისუფლების ისეთ წარმომადგენელთან, რომელიც პირველი ინსტანციაა და გადაწყვეტილების მიღებაში, ან მის რეალიზაციაში იღებს მონაწილეობას; თუ არ ჩავთვლით ერთ-ორ შეხვედრას ბატონ კარასინთან;
  • არასოდეს მე არ მიმიღია მისგან ინფორმაცია, რომელსაც კარდინალურად გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნებოდა;
  • ელჩი, რომელიც მხოლოდ თვენახევარი მსახურობს იქ, ძალიან თავდაჯერებული უნდა იყოს, რომ გამოაცხადოს, რომ მას რაღაც კარებების გაღების საშუალება მიეცა. ელჩს სჭირდება 6 თვე ან 1 წელიწადი იმისათვის, რომ კონტაქტები დაამყაროს და დაუწყონ ლაპარაკი ისეთ თემებზე, რაც არ ჟღერდება ოფიციალურ მოლაპარაკებებზე; 
  • არასოდეს არც ერთ კონფიგურაციაში, არც პირად საუბარში ან ვინმეს თანდასწრებით, საქართველოს პრეზიდენტს ან რომელიმე თანამდებობის პირს, ჩემი მონაწილეობით არ ულაპარაკია დედაქალაქის თბილისიდან სოხუმში გადატანის თაობაზე, იმ მგზავრობის ჩათვლით, რომელზეც ეროსი კიწმარიშვილი საუბრობდა; 
  • იმის გამო, რომ პრეზიდენტმა მე მიმიყვანა საგარეო საქმეთა სამინისტროში სპეციალურად ქართულ-რუსული ურთიერთობებისთვის, არაფერი უჩემოდ არ ხდებოდა და არაფერი, რასაც პრეზიდენტი გეგმავდა, შეიძლება რაღაც გამომრჩა, მაგრამ როგორც დღევანდელი მოვლენები მაჩვენებს, ინფორმაცია მე სრულად მქონდა;  
  • ასეთი გეგმა რომც გვქონოდა, როგორც დიპლომატი და როგორც მოქალაქე ამაში კრიმინალურს ვერაფერს ვერ ვხედავ; თუმცა, ასეთი ლაპარაკი არასდროს არ ყოფილა;
  • ეროსი კიწმარიშვილს ჰქონდა შეხვედრები რუს ოლიგარქებთან, სადაც თეორიულად განიხილებოდა საკითხები ეკონომიკური პროექტების განხორციელების, საქართველოში რუსული კაპიტალის მოზიდვით;
  • კიწმარიშვილმა არ იცოდა, რომ ჩვენთან იყო ოფიციალური ვეტო ეკონომიკური ურთიერთობების განახლებაზე;
  • ჩვენ ვერ გავახსნევინეთ ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი, რომელიც იმდენად საქართველოს არ სჭირდებოდა, რამდენადაც სომხეთს;
  • თებერვლიდან დაწყებული, როდესაც პირველად გამოგვიცხადეს, რომ კოსოვოს საპასუხოდ რუსეთს აქვს მომზადებული გეგმა, როგორ უპასუხოს კოსოვოს საქართველოს ხარჯზე, მაგრამ არა სარკისებურად, ამის შემდეგ სიტუაცია ყოველ კვირას იცვლებოდა უარესობისკენ; 
  • საგარეო საქმეთა სამინისტროს ყველა განცხადება არის რუსეთის პროვოკაციული ნაბიჯების პასუხი, რაც ერთი მხრივ სწორად ასახავს მოვლენების დინამიკას, მეორე მხრივ კი აჩვენებს საქართველოს ხელისუფლების თავშეკავებას; 
  • ჩვენ გვქონდა ერთი დავალება, გამოვიყენოთ ყველა საშუალება იმისათვის, რომ ვეცადოთ ურთიერთობების გაუმჯობესებას;
  • რუსეთის პირველი პროვოკაციული ნაბიჯი იყო დსთ-ს შეთანხმებიდან გამოსვლა, რაც უპირველესად გულისხმობდა სამხედრო დახმარების არაღმოჩენას სეპარატისტული რეჟიმებისადმი; 
  • შემდეგ იყო დამატებითი ჯარების შემოყვანა, პერმანენტული სროლები ადმინისტრაციული საზღვრის მეორე მხრიდან, 20 აპრილის დადგენილება, სადაც ფაქტიურად აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი გათანაბრებული იყვნენ დამოუკიდებელ სახელმწიფოებთან, ჩვენი უპილოტო თვითმფრინავის ჩამოგდება, 500 დამატებითი მედესანტის შემოყვანა, რომელთაც ისეთი იარაღი ჰქონდათ შემოტანილი, რომელიც მანდატში არ იყო გაწერილი. რკინიგზის აღდგენა აფხაზეთის იმ რაიონში, სადაც ფაქტიურად მოსახლეობა არ არის დარჩენილი;
  • ივლისის დასაწყისში – მოხდა სამი ფაქტი, მათ სცადეს დიმიტრი სანაკოევის კორტეჟის აფეთქება, დაცხრილეს ავტობუსი, რომელსაც ბავშვები გადაყავდა ექსკურსიაზე და მძიმედ დაჭრეს ქართველი პოლიციელები;
  • ფაქტიურად სეპარატისტებმა დაიწყეს სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა ომის გაჩაღებისთვის;
  • 7 აგვისტოს დილას, უტყუარი ინფორმაციით, რომელიც მე მივიღე საქართველოს კომპეტენტური უწყებებიდან, როკის გვირაბში აქტიურად დაიწყო შემოსვლა ტექნიკამ და ცოცხალმა ძალამ;
  • რაც შეეხება ჩვენ მცდელობებს, ჩვენ ყველგან ჩავდიოდით მომზადებული, სამშვიდობო ინიციატივებით, ყველგან გვქონდა მოფიქრებული პოზიცია, რომელიც ითვალისწინებდა რუსეთის სასიცოცხლო და სტრატეგიულ ინტერესებს. ბოლო ასეთი წერილი მე ჩემი ხელით ჩავიტანე 22 ივნისს მოსკოვში, რაზეც მივიღე ცივი უარი;
  • როდესაც კარასინი ჩამოვიდა და ჩამოიტანა [რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი] მედვედევის პასუხი, მაშინ მოხდა სანაკოევის კორტეჟის აფეთქების მცდელობა, პოლიციელების დაჭრა და ავტობუსისთვის ცეცხლის გახსნა; 
  • ტრაგედია იმაში მდგომარეობს, რომ რუსეთისთვის აბსოლუტურად მიუღებელია იდეა დამოუკიდებელი, დემოკრატიული და ტერიტორიულად მთლიანი საქართველოსი. ეს არის ქართულ-რუსული ურთიერთობების ფუნდამენტალური პრობლემა; 
  • რაც არ უნდა შეგვეთავაზებინა იყო მიუღებელი, რადგანაც რუსეთს საქართველო სჭირდება, როგორც არასტაბილურობის კერა;
  • საქართველოს არსებობა რუსეთის გვერდზე არის იდეოლოგიური შეჯიბრი. ქვეყანა, რომელსაც არ აქვს ნავთობი და გაზი, სადაც არ არის კორუფცია და არის 12%-იანი ეკონომიკური ზრდა, რომელიც კულტურულად, რელიგიურად და სულიერად არის რუსეთთან ახლოს, ასეთი ქვეყნის წარმატება აბსოლუტურად მიუღებელია რუსეთისთვის;
  • პირველად ჩვენ მარტში გვითხრეს, რომ დევნილების დაბრუნების იდეა საჭიროებს გადახედვას, რასაც მოყვა ჩვენი პასუხი, რომ ქართულ-რუსული ურთიერთობა განწირულია იმ მდგომარეობისთვის, რაც ახლა არსებობს;
  • ბოლომდე არ უნდოდათ ჩვენ მეგობრებს იმის დაჯერება, რომ რუსეთი იწყებს ფართომასშტაბიან სამხედრო აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ;
  • კომისიის წევრის კითხვაზე, იგეგმებოდა, თუ არა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ნარიშკინის ვიზიტი საქართველოში, როგორც ამის შესახებ ეროსი კიწმარიშვილმა განაცხადა, ვაშაძემ უპასუხა: მე პრეზიდენტმა და დამირეკა და მითხრა, რომ მოსკოვში ჩვენი საელჩოდან მიიღო ინფორმაცია ნარიშკინის შესაძლო ვიზიტის თაობაზე. მე დავრეკე მოსკოვში და ვიკითხე, მათ მიპასუხეს: ”ავად ხომ არ გახდი?”
  • როდესაც დსთ-ს სამიტზე სანკტ-პეტერბურგში პრეზიდენტი ჩაფრინდა [6-7 ივნისი], მას დაგეგმილი ჰქონდა შეხვედრა მედვედევთან, ეს შეხვედრა შედგა 6 ივნისს და 30 წუთის მაგივრად გაგრძელდა 45 წუთი. საქართველოს პრეზიდენტმა რუქაზე აჩვენა კონფლიქტის ზონები და ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ რუსეთის პრეზიდენტს წარმოდგენა არ ჰქონდა რაზე არის ლაპარაკი. საუბრის ბოლოს მედვედევმა თქვა, რომ ჩვენ 30 წუთში ყველაფერს ვერ მოვასწრებთ და რას იტყვით აგვისტოს განმავლობაში შეხვედრაზე და სამუშაო შეხვედრის ჩატარებაზე, რაზეც საქართველოს პრეზიდენტის თანხმობა მიიღო. ამ ფრაზის იქით მოსამზადებელი სამუშაო არ წასულა, თუ არ ჩავთვლით კარასინის ჩამოსვლას თბილისში. ის ჩამოვიდა ივლისის დასაწყისში. პირველი სიგნალი იმისა, რომ მედვედევის სურვილი სამუშაო შეხვედრა ჩაეტარებინა რუსეთის ხელისუფლების რომელიღაც სართულზე დაიბლოკა, სწორედ მაშინ მივიღეთ;
  • ყაზახეთში [ივლისში ყაზახეთის დედაქალაქის 10 წლის იუბილე აღინიშნებოდა] ჩვენ უკვე არც სამუშაო შეხვედრა გვქონდა და არც პროტოკოლური იმიტომ, რომ იმ დროს რუსეთში ალბათ გადაწყვეტილება უკვე მიღებული იყო;
  • [რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე იური] ზუბაკოვი იყო ჩამოსული ერთი დავალებით – მოესინჯა ნიადაგი და ენახა რას ფიქრობენ ქართველები. არავითარი სერიოზული გზავნილი მას არ ჰქონია [სწორედ ზუბაკოვის ვიზიტის შემდეგ მიიღო რუსეთმა გადაწყვეტილება აფხაზეთში სარკინიგზო ძალების შემოყვანის შესახებ];
  • ჩვენგან ითხოვდნენ ერთ რამეს – ხელი მოაწერეთ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ძალის არგამოყენების შესახებ შეთანხმებას, ჩვენ ვპასუხობდით რომ მოვაწერდით, ოღონდ რუსეთთან. მცდელობა იყო ამ სეპარატისტული წარმონაქმნების იურიდიული ლეგიტიმაციისა.

  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button