ახალი ამბები

დავითაია კიწმარიშვილს ე.წ. ”ლიდერშიფის” დასახელებას სთხოვს

აგვისტოს მოვლენების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე, დეპუტატი პაატა დავითაია რუსეთში საქართველოს ყოფილ ელჩს ეროსი კიწმარიშვილს მოუწოდებს საჯაროდ ან პრესის საშუალებით დაასახელოს ის პირები, რომლებიც პირად საუბრებში საომარი მოქმედებების დაწყების შესახებ აშშ-ს მხრიდან მხარდაჭერის შესახებ საუბრობდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში დავითაია ხელისუფლებას გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართავს ამ პირთა დასადგენად.

25 ნოემბერს ეროსი კიწმარიშვილმა კომისიის მოსმენაზე განაცხადა, რომ 2008 წელს, აპრილის მეორე ნახევარში საქართველოს პრეზიდენტის გარემოცვიდან, ე.წ. ლიდერშიფიდან შეიტყო, რომ მათ მწვანე შუქი მიიღეს დასავლელი პარტნიორისგან, კერძოდ აშშ-სგან სამხედრო ოპერაციის განხორციელებაზე. სხდომაზე კიწმარიშვილმა უარი განაცხადა კომისიის წევრების კატეგორიულ მოთხოვნაზე დაესახელებინა ე.წ. ლიდერშიფის შემადგენლობა და განაცხადა, რომ ამას აკეთებს მათივე უსაფრთხოების მიზნით.

თუმცა 26 ნოემბერს გამართულ პრესკონფერნციაზე ეროსი კიწმარიშვილმა განაცხადა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე  გიგა ბოკერია, არა უშუალოდ მასთან, არამედ ჟურნალისტებთან საუბრობდა ამერიკის მხრიდან მხარდაჭერაზე, ივლისში თბილისში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის კონდოლიზა რაისის ვიზიტის შემდეგ. დანარჩენი პირების დასახელებისგან ყოფილმა ელჩმა თავი შეიკავა და განაცხადა, რომ ”არც პროკურატურაში დაბარების შემთხვევაში დაასახელებს მათ ვინაობას”.

”მე მოვუწოდებ ბატონ ეროსი კიწმარიშვილს, თუ შეუძლია მას დაასახელოს ეს ჯგუფი ღია ეთერში ან დაასახელოს პრესის საშუალებით და მე ყველაფერს გავაკეთებ კომისიის ფორმატის  ფარგლებში, რათა ეს პიროვნებები დაბარებული იყვნენ კომისიაზე,” – განაცხადა პაატა დავითაიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე. ”თუ ეს არ გაკეთდა და არ იქნა დაწყებული გამოძიება, ეს იქნაბა სუფთა წყლის პროვოკაცია, რომელიც ასხავს მტრის წისქვილზე წყალს…როცა არ ხდება დაზუსტება იმ პირების, ვინც მოახდინეს პროვოცირება – ხაზი მინდა გაუსვა – ეს არის ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედება”.

პაატა დავითაიამ განმარტა, რომ გამოძიება უნდა დაიწყოს  არა ეროსი კიწმარიშვილის წინააღმდეგ, არამედ მის მიერ ხსენებული ე.წ. ლიდერშიფის დასადგენად.

Back to top button